მიხეილ სარჯველაძე - მერაბიშვილი როცა ცდილობს, დასავლეთის იდეების პროპაგანდისტად მოგვევლინოს, შემდეგ ყველას მეხსიერებაში ამოუტრიალდება მოთხოვნა „ორ ტრუპთან“ დაკავშირებით
ვანო მერაბიშვილი მედასავლეთეობის პოზიციონირების მთავარ აქტორად როდესაც გვთავაზობს თავს და ცდილობს, ქვეყანაში დასავლეთის მთავარი იდეების პროპაგანდისტად მოგვევლინოს, ცოტა უცნაურად ჩანს, რადგან შემდეგ ყველას მეხსიერებაში ამოუტრიალდება მოთხოვნა „ორ ტრუპთან“ დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით სარჯველაძე გამოეხმაურა ვანო მერაბიშვილის იმ განცხადებას, სადაც მერაბიშვილი აღნიშნავს: „დასავლეთის ზეწოლა უნდა წარიმართოს შიდა პროტესტების პარალელურად, რაც მეტი იქნება შიდა პროტესტი, დასავლელი მეგობრები უფრო გაბედულად იმოქმედებენ“.
სარჯველაძის თქმით, მსგავს თემებზე საუბრისას მეტი დაფიქრება მართებთ.
„რა გეგმაც თავიდანვე ჰქონდათ, არის ის, რომ ცდილობენ, დეზინფორმირების გზით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შეუქმნან არასწორი შეხედულება ქვეყნისა და ხელისუფლების წინაააღმდეგ. მათ სურთ, ავნონ საქართველოს, რათა ამ გზით ხელისუფლებას მიაყენონ გარკვეული ზიანი და შეუქმნან პრობლემა.
მარტივად დგას საკითხი – ეს დაახლოებით იმავე ოპერიდანაა, რაც, მაგალითად, „ორი ტრუპის“ მოთხოვნის ამბავი. რეალურად, ყველა ხვდება, რომ ქვეყნის შიგნით მოსახლეობა არ თანაუგრძნობს არც იმ პოლიტიკურ იდეალებს, რომლის სამსახურშიც დგას ბატონი ვანო მერაბიშვილი და არც ვანო მერაბიშვილს გულშემატკივრობს ისეთი ვინმე, რომელსაც შეუძლია, განახორციელოს პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ. ცდილობენ, მხარდაჭერის დეფიციტი, რომელიც აქვთ ქართულ საზოგადოებაში, ნდობის ნულოვანი განცდა შეავსონ დასავლეთიდან წამოსული რაღაც მხარდაჭერით. ძალიან ცუდი დამოკიდებულებაა ეს და რაც უფრო მალე გააცნობიერებენ ამას, მათ შორის ამ პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერები დასავლეთ ევროპაში, მით უკეთესი იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, პირველ რიგში, თავად ევროპისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.