მიხეილ სარჯველაძე - უახლოესი წლების განმავლობაში ექვსი ათასი დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს
დევნილთა განსახლების პროცესს სწრაფი ტემპი აქვს აღებული; ბინებით დაკმაყოფილებული დევნილი ოჯახების რიცხვი 35 000-ს გასცდა, – აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, 6 000 ბინაზეა საუბარი, რაც მიმდინარე მშენებლობებს მოიცავს.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მშენებლობები საქართველოს ხუთ ქალაქში მიმდინარეობს.
„თბილისში მიმდინარეობს მასშტაბური მშენებლობა, ქუთაისში ფინალურ ეტაპზე ვართ და ძალიან ახლო მომავალში უკვე განაწილდება ბინები ოჯახებზე, ეს არის ბორჯომი, რუსთავი, სულ მალე დაიწყება მშენებლობა ზუგდიდში. დევნილთა განსახლება მკაფიო რეგლამენტაციისა და დევნილი ოჯახების ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე მიმდინარეობს. მთავარი განმსაზღვრელი არის საჭიროება, რომელიც შეიძლება, ოჯახის წინაშე იდგეს, შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება. თუმცა, ამას წინ უძღვის საკმაოდ შრომატევადი შეფასების პროცესი. ახლაც ქუთაისში მიმდინარეობს ასეთი პროცესი, სადაც ვახორციელებთ შეფასებას საანკეტო მონაცემებისა და კონკრეტულად ვიზიტები გვაქვს ოჯახებთან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ დევნილთა განსახლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და სახელმწიფო საკუთარ ვალდებულებებს სრულად შეასრულებს.