მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილმა თავადაც იცის, რომ მოწამვლის შესახებ ტყუილს პერსპექტივა არ აქვს, ამიტომ იძულებულია, თქვას, რომ ეს ყველაფერი მოგონილია
საკითხი საექსპერტო ცოდნაზე როცაა დაყვანილი, მოკლეფეხებიანი ტყუილი, რომ მოწამლულია, დიდხანს ვერ გაძლებს და გამოაშკარავებადია. სააკაშვილმა თავადაც კარგად იცის, რომ ამას არავითარი პერსპექტივა არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ – მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამიტომ მიხეილ სააკაშვილი იძულებულია, თქვას, რომ მის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგონილი, მტკნარი სიცრუეა.
„სპეკულაციებს ყველამ თავი უნდა დაანებოს. მიკერძოებული დასკვნები ყურადღების მიღმა არ დარჩება და ყველასთვის ნათელი იქნება, ვინ რა მიკერძოების ხარისხით ხასიათდება, როცა თავს დებენ ექსპერტობაზე და საექსპერტო სახით სასურველ დასკვნებს ასახავენ. ამ დრომდე მიხეილ სააკაშვილს ხელი მიუწვდება ყველა სამედიცინო მომსახურებაზე, რაც მას სჭირდება. როცა საკითხი საექსპერტო ცოდნაზეა დაყვანილი, იქ მოკლეფეხებიანი ტყუილი, რომ მოწამლულია, დიდხანს ვერ გაძლებს და გამოაშკარავებადია. მიხეილ სააკაშვილმა თავადაც კარგად იცის, რომ ამას არავითარი პერსპექტივა არ აქვს, რადგან საფუძველშივე მცდარია და ვერ შეინარჩუნებს თავს ერთი კვირის განმავლობაშიც კი. ამიტომ მიხეილ სააკაშვილი იძულებულია, თქვას, რომ ეს ყველაფერი მოგონილია, მტკნარი სიცრუეა ვიღაცების მხრიდან იმის გამო, რომ წინასწარი შეხედულებები გაამართლონ და ახსნან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „სოციალური ქსელში“ დაწერა: „არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არასდროს მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. ამ თემაზე სპეკულაციები უადგილოა“.