მიხეილ სარჯველაძე თეა წულუკიანის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, თეა წულუკიანთან ბოლო კომუნიკაცია გუშინ ჰქონდა. მისივე განმარტებით, მინისტრთან მიმდინარე საკითხებზე ისაუბრა და გადადგომას ან მსგავს თემას საუბარი არ შეხებია.
„ამ ინფორმაციას ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ. რომ დაგიდასტუროთ, ამისთვის არავითარი საფუძველი არ გვაქვს. გუშინ, კვირა დღის მიუხედავად, მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. ეს რამდენიმე ნორმატიული აქტის პროექტი იყო, რომელთან დაკავშირებითაც მოსაზრებები გავცვალეთ. სხვა მსგავს თემაზე საუბარი არ გვქონია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.