მიხეილ სარჯველაძე - სწორი დიაგნოზის დასმა ერთ-ერთი უმთავრესი ეტაპია, ჩვენთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ
სწორი დიაგნოზის დასმა მკურნალობის დასაგეგმად ერთ-ერთი უმთავრესი ეტაპია, წინააღმდეგ შემთხვევაში მის ეფექტიანობას აზრი ეკარგება, – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 17 სექტემბერს, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოშიც აღინიშნა.
„შეცდომების თავიდან აცილება სწორედ ამ მომენტში უნდა მოხდეს, იქნება ეს ტექნოლოგიების გამოყენებით, მაღალი კვალიფიკაციით თუ კონკრეტული პროცედურების ზუსტად გაწერით. მთავარია, რომ დიაგნოსტირების პროცესში არ დავუშვათ ისეთი შეცდომები, რომელთა არიდებაც შეიძლებოდა. ჩვენთვის ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სწორედ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ღონისძიებაზე ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელებმა, დარგობრივი ასოციაციებისა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ასევე, ისაუბრეს პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესებაში სწორი და დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა გლობალური პრობლემაა და, ბუნებრივია, მის არსებობას საქართველოც აცნობიერებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დასაძლევად ქვეყანამ ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა და მომავალშიც ასე გაგრძელდება.
„პაციენტების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, სექტორის წარმომადგენლებს ამ მიმართულებით მოსაზრებების წარმოდგენა ვთხოვეთ. მათ საკმაოდ მრავლად, საკუთარი პერსპექტივიდან გაგვიზიარეს შეხედულებები, რომლებზე მუშაობამაც, შესაძლოა, პაციენტის უსაფრთხოებისთვის კონკრეტული შედეგი მოიტანოს. ამ საკითხების სპექტრი ძალიან დიდია – დაწყებული სამაჯურებით, რომელიც შესაძლოა, გაუკეთდეს პაციენტს, რომ მის შესახებ სამედიცინო პერსონალს დეტალური ინფორმაცია ჰქონდეს და დამთავრებული საგანმანათლებლო სისტემებში ისეთი კურიკულუმების შეტანით, რომლებიც უკეთ მოამზადებს მომავალ ექიმებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
პაციენტთა უსაფრთხოების მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2019 წელს დააწესა. მისი მიზანი პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. წელს მსოფლიოს მასშტაბით მთავარი გზავნილია „დიაგნოსტიკის გაუმჯობესება პაციენტის უსაფრთხოებისთვის“, რაც სწორი და დროული დიაგნოსტიკის კრიტიკულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.