მიხეილ სარჯველაძე - სტრატეგიულ პარტნიორებთან ნებისმიერი კონფიგურაციით თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რითაც ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება ხდება შესაძლებელი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ის კონგრესის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ნებისმიერი კონფიგურაციით თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, ამ ტიპის საუბრებითა და მუშაობით შესაძლებელი ხდება, მათ შორის ურთიერთობების გაღრმავება საქართველოსა და აშშ-ს შორის.
„აშშ ჩვენი პარტნიორია, შესაბამისად, ყველა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა, ნებისმიერი კონფიგურაციით და შინაარსით არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ამ ტიპის კომუნიკაციებით, საუბრებითა და მუშაობით შესაძლებელი ხდება, მათ შორის ურთიერთობების გაღრმავება. ურთიერთობის გაღრმავება კი რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მათ შორის საქართველოს საჭიროებებზე ჰქონდეს ერთგავაროვანი ხედვა და ეს ითარგმნებოდეს კონკრეტული პრობლემების სწრაფად გადაჭრასა და სახელმწიფოს კონკრეტულ პროგრესში. ამ რეზულტატებზე როდესაც ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია და სწორი დამოკიდებულებაა, როდესაც ნებისმიერ საკითხთან მიმართებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ინტერესდებიან როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მოსაზრებებით. ესეც აბსოლუტურად ლოგიკურია. უბრალოდ ყოფილა შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში ოპოზიციის მხრიდან უფრო მეტად მერკანტილური ხაზის გატარების მცდელობა გვინახავს, ვიდრე ქვეყნის გულშემატკივრობის დემონსტრირება. ასეთთა შორის შეგვიძლია, ვთქვათ არაერთი ომის პარტიელის მცდელობები ვიზალიბერალიზაციის დროს. ჰქონდათ კომუნიკაცია, რომ ხელი შეეშალათ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით. ამიტომ რასაკვირველია, როდესაც იგივე კონგრესმენებთან ან ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ გულშემატკივართან მათ კომუნიკაციაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მაღალი რისკებია იმისა, რომ ოპოზიციის მხრიდან კლავ ექნება ადგილი დესტრუქციულ ქმედებებს, ქვეყნის არაგულშემატკივრულ დამოკიდებულებებს. თუმცა აბსოლუტურად რელევანტურია აღქმა, დამოკიდებულება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრებისა, როგორც ეს მოხდა ვიზალიბერალიზაციის დროს და მათი მცდელობები უბრალო მცდელობები აღმოჩნდა. რეალურად. ქვეყნისთვის ვერავითარ დამაზიანებელ რეზულტატზე გასვლა ვერ შეძლეს. ახლაც ასე იქნება. იგივე ეხება უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებს, იგივე ეხება სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს აშშ-ის კონგრესის დელეგაცია გუშინ, 21 აპრილს ესტუმრა. დელეგაცია დაკომპლექტებული იყო გავლენიანი სენატორებითა და კონგრესმენებით. თავდაპირველად, დელეგაციის წევრმა სენატორებმა ვიზიტთან დაკავშირებით თბილისში პრესკონფერენცია გამართეს. დღეს კი ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების დელეგაციას შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ასევე შეხვედრა გაიმართა კონგრესის დელეგაციასა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის. აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი უკვე დაასრულა.