მიხეილ სარჯველაძე - „სტრატეგია აღმაშენებელს“ ბარიერის გადალახვის პრობლემა უდგას და მათთვის პოლიტიკური ამოცანაა, რომელიმე დიდ პოლიტიკურ ძალას მიეკედლონ, თორემ მოგვიანებით ისევ დაიშლებიან
„სტრატეგია აღმაშენებლს“ საპარლამენტო არჩევნებში ნებისმიერი ბარიერის გადალახვის პრობლემა უდგას, რაზეც არჩევნების წინა შედეგები მეტყველებს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, ეს არის მოტივაცია, რაც „სტრატეგია აღმაშენებელს“ ამოძრავებს.
„გრძნობენ, რომ, რეალურად, ბარიერის გადალახვის არავითარი რესურსი არ გააჩნიათ და ასეთ დროს მათთვის პოლიტიკური ამოცანაა, რომელიმე შედარებით დიდ პოლიტიკურ ძალას მიეკედლონ, რათა პარლამენტში ადგილები მოიპოვონ, თორემ მოგვიანებით ისევ დაიშლებიან. როგორც ჩანს, ეს არის მოტივაცია, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებელს“ ამოძრავებს, მაგრამ, რასაკვირველია, ამას არ იტყვის. ადამიანს როცა ამბიცია აქვს პრემიერ-მინისტრობაზე, ვაშაძე ვერ იტყვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთიანდება, რადგან ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს. ამიტომ უწევს ისეთი არგუმენტების მოგონება, რისი ნამდვილობისაც თავად არ სჯერა. ოპოზიციაში, რეალურად, კარგად ესმით, მაგრამ იძულებულები არიან, ამაზე არ ისაუბრონ და უარყონ, რომ ხელისუფლებას რეალურ კონკურენციას ვერ უწევენ. ოპოზიციას არცერთი კვლევა არ აძლევს ოპტიმისტურად ყოფნის საშუალებას, რომ ისინი ხელისუფლებასთან რეალურ კონკურენციაში იქნებიან. თავის დროზე, როცა ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნა, რამდენიმე მიზეზი იყო. ადამიანები ფიქრობდნენ, რომ შეუმჩნეველი დარჩება ის, რომ პარტიიდან წახვალ, მაგრამ იმავე ორბიტაზე სვლას გააგრძელებ და წინა წლების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდები. რა თქმა უნდა, ეს ვერ მოხდა. ამბიცია იყო, დიდი ფურორი მოხდებოდა და დატრიალდებოდა, რაც ვერ შედგა. მიხვდნენ, რომ მათმა გეგმამ ვერ იმუშავა და ახლა მათი ამოცანაა ბარიერის გადალახვა. აქ ღირებულებითი სისტემა არაფერ შუაშია. სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდ ნაწილს ერთადერთი ღირებულება აქვს, რაც არის არა ქვეყნის გულშემატკივრობა, არამედ ამოცანა, რაც ხელისუფლებაში მოსვლას უკავშირდება“, – განაცხადა სარჯველაძემ.