მიხეილ სარჯველაძე - სტატუსთან დაკავშირებით იმედიანად უნდა ვიყოთ განწყობილი, გაფართოება არის ერთადერთი გზა ევროპისთვისაც, რათა სერიოზული საფრთხეები იყოს დაზღვეული
სტატუსთან დაკავშირებით იმედიანად უნდა ვიყოთ განწყობილი. გაფართოება არის ერთადერთი გზა თავად ევროპისთვისაც, რომ სერიოზული საფრთხეები იყოს დაზღვეული, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამავე დროს მნიშვნელოვანია ქვეყნების სწორი მიმართულებით განვითარება.
„რა თქმა უნდა, მექანიკურად თარიღები არ განსაზღვრავს არც კანდიდატის სტატუსს და არც ევროკავშირის წევრობას. ამას გარემოებებისა და წინაპირობების დაკმაყოფილება სჭირდება. ევროკავშირში ინტეგრაციას ვინც ელოდება, მათთვის გარკვეული პროგნოზების წარდგენა მნიშვნელოვანი იქნებოდა. საუბარი იმაზე, რომ არც 2030 წელი იყოს გაფართოების დრო და მეტი ან ნაკლები დრო დასჭირდეს, ეს ბუნდოვანებას ბადებს. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნების სწორი მიმართულებით განვითარება. უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში ბევრი სამუშაოა საიმისოდ, რომ ქვეყნის განვითარება შევძლოთ. რასაკვირველია, ამ მიმართულებით ეს ევროკავშირის გეგმას ემთხვევა.
ევროპაში გაფართოების იდეის სკეპტიკოსები და მოწინააღმდეგეები არიან. ვფიქრობ, ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გასულ წელს, როცა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილებოდა. ამ ფაქტორმა გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა. ინდიკატორების მიხედვით თუ შევაფასებთ, საქართველო სტატუსს უფრო მეტად იმსახურებდა. იყო საუბრები გეოგრაფიაზე და ასე შემდეგ. იმედიანად განწყობილი უნდა ვიყოთ, რადგან ევროსკეპტიციზმის ტენდენცია მაინც კლებად რეჟიმშია. გაფართოება არის ერთადერთი გზა თავად ევროპისთვისაც, რომ სერიოზული საფრთხეები იყოს დაზღვეული. ვფიქრობ, ევროპაში ამას ადამიანები კარგად აღიქვამენ და ეს ჩვენს ინტერესშია. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპის გაფართოება საინტერესოა არა მხოლოდ საქართველოსთვის, ევროპისთვისაც. ევროპის სკეპტიკურად განწყობილ საზოგადოებას თუ იგივე ხედვა ექნება, ეს სერიოზული ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება, მაგრამ იმედია, ასე არ იქნება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.