მიხეილ სარჯველაძე - სტატუსის მონიჭების გაზრდილ შანსზე აქტიური საუბრის შემდეგ, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა აირჩიეს გზა, თითქოს ჩართული არიან მუშაობაში
მას შემდეგ, რაც აქტიურად დაიწყო საუბარი, რომ სტატუსის მონიჭების შანსი გაზრდილია, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გზა აირჩიეს, თითქოს ისინი სტატუსის მონიჭების მუშაობაში არიან ჩართული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ის ხალხია, ვინც სამუშაო ჯგუფებს ბოიკოტი გამოუცხადა და ახლა, როცა რეალური პერსპექტივა გაჩნდა, თითქოს ძალიან მოტივირებული არიან, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს.
„მათი ტაქტიკა მათთვისვე დამაზიანებელი აღმოჩნდა, რადგან ხალხი დარწმუნდა, რომ სწორედ ეს ადამიანები უშლიდნენ ხელს. მათი განცხადება, რომ ახლა თითქოს სტატუსს ითხოვენ და ამ მიზნით წერილებს აგზავნიან, დააგვიანდათ. ხუთი-ექვსი დღით ადრე ასეთი წერილები არ იწერება. თუ ამის გაკეთება უნდოდათ, ამის გაკეთება ბევრად უფრო ადრე შეეძლოთ. ეს ყველაფერი მათი კეთილსინდისიერი ქმედება არ არის. თუ ვინმეს გულწრფელად უნდა, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს, რა უფრო მომგებიანია, ვთქვათ, რომ ქვეყანამ დამსახურებით მიიღოს, თუ ავანტიურისტული მსჯელობა უნდა იყოს – ავანსად მივიღოთ, ან ხალხი იმსახურებს და ქვეყანა – არა. რა უფრო მომგებიანია? ამით გავარკვევთ, გულწრფელად ვის უნდა სტატუსის მინიჭება და ვის – არა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.