მიხეილ სარჯველაძე - სპეკულაციაა, თითქოს კარვების გაშლა იკრძალება, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი არ ებრძვის გამოხატვის ლეგიტიმურ უფლებას
სპეკულაციაა, თითქოს კარვების გაშლა იკრძალება, ეს კანონპროექტი არის არამართლზომიერი უფლებამოსილების განხორციელებისგან დამცავი საშუალება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებაზე, რომლის განხილვაც პარლამენტში მიმდინარეობს.
„ნათქვამი იყო, კარვების გაშლა იკრძალებაო, რაც სპეკულაციაა და ამას არავინ ეხება. ცვლილება ეხება იმას, როცა კარვის დადგმა არაგონივრული და არალეგიტიმურია. თუ ბარიკადები სხვის უფლებას არღვევს ან სამართალდამცველებს უზღუდავს შესაძლებლობას, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვას, ასეთ დროს სწორია, ამაზე რეაგირება შეეძლოთ. ეს არის კანონპროექტი, რომელიც ებრძვის არა კარვებსა და გამოხატვის ლეგიტიმურ უფლებას, არამედ არის არამართლზომიერი უფლებამოსილების განხორციელებისგან დამცავი საშუალება. ის ებრძვის გარკვეული არალეგიტიმური აქტივობების რისკებს და არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეიძლება, ეს ცვლილებები დაიწუნო“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
კანონპროექტით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. როგორც აღინიშნა, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით, სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს. კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.
პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.