მიხეილ სარჯველაძე - სოსო გოგაშვილი სახელმწიფოს დაუპირისპირდა, გამოიყენა უკანონო, დანაშაულებრივი რამ, სახელმწიფოს კი, დანაშაულზე რეაგირება ჰქონდა, ეს რეაქცია აბსოლუტურად ნორმალურია
სოსო გოგაშვილი სახელმწიფოს დაუპირისპირდა და მან გამოიყენა დაუშვებელი, უკანონო და დანაშაულებრივი რამ, სახელმწიფოს კი, დანაშაულზე რეაგირება ჰქონდა. ეს რეაქცია არის აბსოლუტურად ნორმალური, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, აბსურდია განცხადება, რომ გოგაშვილი პოლიტპატიმარია.
„გოგაშვილი სახელმწიფოს დაუპირისპირდა და მან გამოიყენა დაუშვებელი, უკანონო და დანაშაულებრივი რამ, სახელმწიფოს კი, დანაშაულზე რეაგირება ჰქონდა. ეს რეაქცია არის აბსოლუტურად ნორმალური. შეუძლებელია, ცივილიზებულ და გამართულ სახელმწიფოზე ვისაუბროთ, რომელიც არ რეაგირებს ზუსტად ისე, როგორც გოგაშვილის ქმედებებზე, რომელიც მოცემულ შემთხვევაში მოხდა. მან უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა, რასაც, რა თქმა უნდა, რეაგირება სჭირდებოდა. აბსურდია განცხადება, რომ პოლიტპატიმარია. პოლიტიკური პატიმარი რანაირად არის? პოლიტიკური პატიმრობის დროს ან მოგონილია ბრალდება, ან ისეთი რეაგირება მოჰყვა, რაც ჩვეულებრივ შემთხვევაში არ მოჰყვებოდა. სამართლებრივი განმარტება ასეთია და თავად გოგაშვილმა დაადასტურა ეს ამბავი. იოტისოდენა მიზეზიც არ არსებობს, რომ საქმე პოლიტიკურ პატიმრობასთან გვაქვს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.