მიხეილ სარჯველაძე - შეუძლებელია, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლისთვის გმირად გამოაცხადო ადამიანი ისეთ ქვეყანაში, რომლის გმირია ჟიული შარტავა, გიორგი მაზნიაშვილი
ოპოზიცია ვნებათაღელვის სიმულაციას გვთავაზობს, სინამდვილეში, ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ მათ აქვთ საწუხარი იმაზე, რომ ბევრი პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს, ალბათ გაირკვევა, ამ ახალგაზრდას ვინ აგულიანებდა, არავის უთქვამს, რომ ასეთ ძალადობრივ ქმედებებს ემიჯნებიან, 80-იანი წლებიდან საქართველოში აქციები ტარდებოდა, მაგრამ ასეთი რამ არასდროს მომხდარა, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ხელისუფლების მიმართ აბსურდული ბრალდებაა, თითქოს ვინმეს ღირსებას ამცირებენ“.
„საუბარია, კონკრეტულ სამართალდარღვევაზე, რომელიც არის მძიმე, და ბრალი ედება კონკრეტულ პირს, რომლის მიმართ სამართალწარმოება მიმდინარეობს. როგორც ჩანს, ეს ვიღაცის ინტერესში არ შედის, რადგან შეიძლება, სამომავლოდ გეგმა ან სურვილი აქვს, რომ მსგავსი ხერხებით საქართველოში აქციები ტარდებოდეს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ აქციებს ასე გააგრძელებს და ამის ხელის შემშლელად ამ საქმეს განიხილავს, ეს სხვა პრობლემაა. არავის სჭირდება ხელისუფლების მიმართ მოწოდება რომელიმე პატიმრის უფლებების დაცვაზე, რადგან უფლებები დაცულია და ყალბი განგაშის ზარების შემოკვრის საჭიროება ობიექტურად არ არსებობს. სამართლებრივი პასუხებისა და არგუმენტების არარსებობის გამო დაიწყეს ადამიანის განდიდება და გმირად გამოყვანა იმ საქციელისთვის, რაც არის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა. შეუძლებელია, საქართველოში „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლისთვის ადამიანი გმირად გამოაცხადო. ჩემი რამდენიმე კოლეგა ამ ადამიანს მადლობას უხდიდა „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლისთვის, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ეს ქმედება დაუშვებელია, მიუღებელია და მას სამართალმა პასუხი უნდა გასცეს. შეუძლებელია, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლისთვის გმირად გამოაცხადო ადამიანი ისეთ ქვეყანაში, რომლის გმირია ჟიული შარტავა, გიორგი მაზნიაშვილი“, – განაცხადა სარჯველაძემ.