მიხეილ სარჯველაძე - შეთანხმების საგანია ის რეკომენდაციები, რომლებიც „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გაიცა, ყველა მათგანის გათვალისწინება ვერ მოხერხდებოდა, თუმცა ვფიქრობ, კარგი იქნებოდა
როდესაც მთავრობა, სამინისტრო დებს მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, იუსტიციის სამინისტრო ჩართულია როგორც სამართლებრივი ექსპერტიზის განმახორციელებელი სუბიექტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძემ იუსტიციის სამინისტროს იმ დოკუმენტზე ისაუბრა, რომელიც მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს და აღნიშნეს, რომ ჰესის მშენებარე კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შენიშვნები ჰქონდა.
„ეს არის სტანდარტული დოკუმენტი, როდესაც მთავრობა, სამინისტრო დებს მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, იუსტიციის სამინისტრო ჩართულია როგორც სამართლებრივი ექსპერტიზის განმახორციელებელი სუბიექტი, შესაბამისი დეპარტამენტიც ფუნქციონირებს იუსტიციის სამინისტროში. ეს ერთ-ერთი ხელშეკრულება იყო, რომელმაც იუსტიციის სამინისტროში გაიარა ექსპერტიზის პროცესი. რჩევები გაიცემა და ამ რჩევებზეა ალბათ საუბარი. ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად მოქმედ სამართალზე, რომელზეც ხელშეკრულებაში თანხმდებიან, იყოს ეს ქართული თუ უცხოური, ყოველთვის გვქონდა პრაქტიკა, ვურჩევდით, რომ ყოფილიყო ქართული სამართლით მართული ხელშეკრულება, თუმცა ყოველთვის ამის გათვალისწინება ვერ ხდებოდა მიუხედავად იმისა, ყველა სამინისტროს თავადაც ერჩივნა, რომ ეს ყოფილიყო ქართული სამართალი, თუმცა ეს მოლაპარაკების საგანი იყო. როდესაც ჩვენ ექსპერტიზას გავდიოდით, ასეთი ტიპის და სხვა შენიშვნებსაც, რომელიც სამართლებრივ საკითხებს ეხება ამას ბუნებრივია, გავცემთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ცალკეული შენიშვნების შინაარსი არ ახსოვს, თუმცა იუსტიციის სამინისტრო გასცემს რეკომენდაციებს.
„ასეთი ტიპის ხელშეკრულებებზე დასკვნა ხშირად გაიცემოდა, ზოგჯერ დადებითი, ზოგჯერ უარყოფით. ეს მუდმივად ხდებოდა, ამიტომ მიჭირს კონკრეტული დეტალების აღდგენა. რაც არის იქ საკითხები, იქნებოდა რჩევა მიცემული, რომლის შედეგადაც უნდა მომხდარიყო საკითხებზე მოლაპარაკება და ამის მიხედვით ხელშეკრულების ცალკეული პირობების აწონ-დაწონა. მოლაპარაკების პროცესზე იქნებოდა დამოკიდებული ყველა ამ შენიშვნის და რეკომენდაციის გათვალისწინება, არგათვალისწინების საკითხი, უცნაური ამაში არაფერი არ არის“, – განაცხადა სარჯველაძემ.
კითხვაზე, იყო თუ არა ხელშეკრულება კაბალური, სარჯველაძე აცხადებს: „მე არ მახსოვს, რომ კაბალურ პირობებზე გვესაუბროს, იყო პირობები, რომელიც მოგვეჩვენა, რომ შეიძლება ყოფილიყო მოლაპარაკების პროცესში, მაგალითად ერთი მხარისგან ან მეორე მხარისგან დასათმობი. ვფიქრობ, ჩვენი რჩევა იყო კორექტული, 22 შენიშვნის ავტომატურად და მექანიკურად გათვალისწინება ვერ ხერხდება ხოლმე მოლაპარაკების პროცესში, ეს გასათვალისწინებელია“.
მისივე თქმით, როდესაც ერთი უწყება მეორე უწყება აძლევს რჩევას, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად ასე გამოვა.
„როდესაც არის რჩევა და ერთ უწყება ეუბნება მეორეს, რომ ეს ასე კი არა, ასე უნდა იყოს, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად ასე გამოვა. ხელშეკრულება არ არის პროცესი, როდესაც ერთ მხარეს ყოველთვის შეუძლია, მეორეს უკარნახოს პირობები, ეს თანხმდება. შეთანხმების საგანია ის რეკომენდაციები, რომლებიც გაიცა, ყველა მათგანის გათვალისწინება ვერ მოხერხდებოდა, თუმცა ვფიქრობ, კარგი იქნებოდა“, – განაცხადა სარჯველაძემ.