მიხეილ სარჯველაძე - შეინიშნება ორკესტრირებული მცდელობა, უცხოეთში პოლიტიკურ წრეებს მიაწოდონ ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რაღაც ფრონტის ხაზია, ეს სწორი არ არის
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ევროპარლამენტარებისა და უცხოეთში სხვა პოლიტიკური წრეებისთვის შეინიშნება ორკესტრირებული მცდელობა და ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ თითქოს, საქართველოში რაღაც ფრონტის ხაზია და წინა საბრძოლო მდგომარეობებია.
ჟურნალისტებთან საუბარში მიხეილ სარჯველაძე ლიეტუველი ევროპარლამენტარის, პეტრას აუსტრევიჩიუს განცხადებას გამოეხმაურა, რომ „საქართველოდან ცნობები ისე მოდის, როგორც ფრონტის ხაზიდან”.
სარჯველაძე აღნიშნავს, რომ ეს არის ხელოვნურად რეალობის დამახინჯების ძალიან ცუდი და სახიფათო მცდელობა, რომ საქართველოზე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, თითქოს, რაღაც პრობლემური მდგომარეობაა წინასაარჩევნო გარემოს თვალსაზრისით.
„პრაქტიკულად, ევროპარლამენტარებმა მინიშნება გააკეთეს, რომ საქართველოში პოლარიზაციის შემცირებისთვის სწორ კალაპოტში პროცესების ჩაყენებისთვის გამიზნული ქმედებები აღმოჩნდება ხოლმე ოპოზიციის ხელში კონტრპროდუქტიული და სრულიად საპირისპირო შედეგის მომტანი. ასე მოხდა შარლ მიშელის შემთხვევაშიც. მისია, რომელიც დოკუმენტს უნდა შეესრულებინა, პოლარიზების შემცირება იყო და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დოკუმენტის სრულიად სხვა მიზნებით გამოყენება მოხდა, როცა პირიქით, პოლარიზაციის ხარისხის გაზრდის რისკები კიდევ უფრო გაიზარდა. ახლაც კი, გაუქმებულ დოკუმენტს პოლარიზაციის ხარისხის გასაზრდელად იყენებენ. უნდა აღვნიშნო, რომ შეინიშნება ორკესტრირებული მცდელობა იგივე ევროპარლამენტარებისთვის, ან სხვა პოლიტიკური წრეებისთვის უცხოეთში ინფორმაციის მიწოდების მიმართულებით იმის შესახებ, თითქოს, აქ რაღაც ფრონტის ხაზი და წინა საბრძოლო მდგომარეობებია. ეს სწორი არ არის. ეს არის ხელოვნურად რეალობის დამახინჯების ძალიან ცუდი და სახიფათო მცდელობა, რომ საქართველოზე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ თითქოს, რაღაც პრობლემური მდგომარეობაა წინასაარჩევნო გარემოს თვალსაზრისით. თავი უნდა შეიკავონ ასეთი სახის ინფორმაციის გავრცელებისა და ტირაჟირებისგან”, – განაცხადა სარჯველაძემ.