მიხეილ სარჯველაძე - შალვა შავგულიძის შეფასება კატეგორიულად მიუღებელია, ვერასდროს ვიკადრებ, ვთქვა, რომ გირგვლიანისა და მაჩალიკაშვილის საქმეებზე შეიძლება ტოლობის ნიშანი დაისვას
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, მაჩალიკაშვილისა და გირგვლიანის საქმეებთან დაკავშირებით დეპუტატ შალვა შავგულიძის განცხადება პრინციპულად მიუღებელია.
კერძოდ, მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა შალვა შავგულიძის იმ განცხადებას, სადაც შავგულიძე აღნიშნავს: „მაჩალიკაშვილის საქმე რითი არ არის უარესი, ვიდრე იყო გირგვლიანის საქმე?“
მიხეილ სარჯველაძის თქმით, გირგვლიანისა და მაჩალიკაშვილის საქმეზე ტოლობის ნიშნის დასმა ამორალობაა.
„კატეგორიულად და პრინციპულად მიუღებელია. არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური და არც მორალური თვალსაზრისითაა სწორი შეფასებები, რომელსაც ბატონი შალვა აკეთებს. ვცდილობ, ძალიან კორექტული და რბილი ვიყო შეფასებებში. კატეგორიულად მიუღებელია. ვერასდროს ვიკადრებ, ვთქვა, რომ გირგვლიანის და მაჩალიკაშვილის საქმეზე შეიძლება ტოლობის ნიშანი დაისვას. არც ის ივარგებს, მეტობის ან ნაკლებობის ნიშანი დავსვათ, ეს სწორი არ არის, მაგრამ ტოლობის ნიშნის დასმა ამორალობაა“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.