მიხეილ სარჯველაძე - საზოგადოებამ დაინახა, რომ სათქმელი ოპოზიციას აბსოლუტურად არაფერი აქვს
არ უნდა შეიძლებოდეს, რომ მსგავსი ტრაგედიებით ვინმე ქულების დაწერას ცდილობდეს. ცხოვრებაში არის მომენტები, როცა, ხელისუფლება იქნება თუ ოპოზიცია, ერთიანი უნდა იყოს და არ შეიძლება, ხელსაყრელობის მოტივით გარკვეულ გარემოებებსა და ტრაგედიებს საკუთარ სამსახურში ჩაყენებას უპირებდე, – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენის შემდეგ.
მისი თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც ნეონაცისტური პრაქტიკის დანერგვას ცდილობენ ქვეყანაში.
„ვეთანხმები ირაკლი კობახიძეს – არიან ადამიანები, რომლებიც ნეონაცისტური პრაქტიკის დანერგვას ცდილობენ ქვეყანაში. ინტერპელაცია გაკეთებული იყო არა იმისთვის, რომ ვინმეს შოვის ტრაგედიის მიმართ სოლიდარობის განცდა აქვს, ან ტრაგედიად აღიქვამს, ან კონკრეტული კითხვები აქვს საკითხთან დაკავშირებით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პერფორმანსის გამართვა უნდოდათ და ერთადერთი მოტივაცია ეს გახლდათ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ საპარლამენტო ოპოზიციის იმ წარმომადგენლებთან მიმართებით, რომლებმაც ინტერპელაციის გამართვა მოითხოვეს.
მისი თქმით, საზოგადოებამ დაინახა, რომ ოპოზიციას სათქმელი არ აქვს.
„რა თქმა უნდა, ინტერპელაციის დროს შეიძლება იყოს კამათი, ნებიმიერი კითხვა შეიძლება დაისვას. სიამოვნებით მოვისმენდი, რაც კრიტიკული შენიშნვა გამოითქვა, იმასთან დაკავშირებით მოსაზრებებს, რა შეიძლებოდა, უკეთ გაკეთებულიყო, როგორ გაკეთებულიყო, მაგრამ მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ სათქმელი ოპოზიციას აბსოლუტურად არაფერი აქვს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.