მიხეილ სარჯველაძე - მინდა, საზოგადოება დავარწმუნო, რომ ფონდ „ფეა თრიიზის“ განცხადება ჭიქაში ქარიშხლის მოწყობის უსუსური მცდელობაა, საქართველოში თუ ვინმეს ქველმოქმედება სურს, ამის შესაძლებლობა ექნება
Მინდა, საზოგადოება დავარწმუნო, რომ ფონდ „ფეა თრიიზის“ განცხადება ჭიქაში ქარიშხლის მოწყობის უსუსური მცდელობაა. „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონს“ არ შეუქმნია არავითარი მიზეზი, რომ ქვეყანაში ვინც ქველმოქმედებას ეწევა, ამაზე ხელი აიღოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში თუ ვინმეს ქველმოქმედება სურს, ამის შესაძლებლობა ექნება და თუ ვინმეს ამისი სურვილი არ აქვს, ხელოვნური მიზეზის შექმნა საჭირო არ არის.
„ოპოზიცია რომ არ მონაწილეობს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვაში, როგორიც არის ჯანდაცვის სერვისი, საზოგადო და სოციალური საკითხები, დასანანი პრაქტიკაა და არასწორია. ვფიქრობ, დემოკრატიული პროცესებისთვის აუცილებელია, რომ ოპოზიცია თავის ფუნქციას რეალურად ასრულებდეს, მით უფრო, ისეთ საკითხებზე დისკუსიის დროს, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის – ეხება პაციენტის უფლებებს, სოციალურ უზრუნველყოფას თუ სხვა.
რაც შეეხება კანონს, რომელზეც საზოგადოებაში დიდი დისკუსია გაიმართა, თუმცა ეს დისკუსია მთლიანად დაცლილი იყო საგნობრიობისგან, სამწუხაროდ, სწორედ ამან განაპირობა, რომ საზოგადოებას დღეს შეიძლება კითხვა უჩნდებოდეს, ხომ არ შეიძლება ამ კანონმა რაიმე ნეგატიური გავლენა მოახდინოს, მათ შორის, ამ სექტორში დაფინანსების შესაძლებლობებთან დაკავშირებით. ვინც კანონი წაიკითხა, გაეცნო აქ არსებულ მდგომარეობას და იცის ჯანდაცვის სექტორი, უბრალოდ, ასეთი კითხვის გაჩენისთვისაც საფუძველი არ არსებობს. რეალურად, უკლებლივ ყველა პროგრამა, ყველა საჭირბოროტო საკითხი და მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ჯანდაცვის სექტორში დაფინანსებას ექვემდებარება, რასაკვირველია, გაგრძელდება.
გარდა ამისა, იქნება გარკვეული ინსინუაციები. მაგალითად ისეთი, რაც ვნახეთ ბადრი ჯაფარიძისგან მართული ერთ-ერთი ორგანიზაციის მხრიდან, რომ არასრულწლოვანებისთვის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში სამედიცინო სერვისის შეწყვეტა მოხდება. მინდა, საზოგადოება დავარწმუნო, რომ ეს არის ჭიქაში ქარიშხლის მოწყობის უსუსური მცდელობა, იმიტომ, რომ მინდა, ყველას სრული პასუხისმგებლობით ვუთხრა, რომ ამ კანონს არავითარი მიზეზი არ შეუქმნია, რომ თუკი ვინმე ამ ქვეყანაში ქველმოქმედებას ეწევა, ამაზე ხელი აიღოს. თუ საქართველოში ვინმეს ქველმოქმედების განხორციელების სურვილი ჰქონდა, მას ამისი შესაძლებლობა ექნება და ყველა მადლიერი იქნება. თუ ვინმეს ამისი სურვილი არ აქვს, აუცილებელი არ არის, ამისთვის ხელოვნური მიზეზი შექმნან, როგორიც დასახელებულია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.