მიხეილ სარჯველაძე - საქართველოში ვერ გაიყიდება სააკაშვილის მხარდაჭერა, როგორც დემოკრატიული იდეალების მხარდაჭერა, უმჯობესია, გეგმის განხორციელებაზე ხელი აიღონ
საქართველოში ვერ გაიყიდება სააკაშვილის მხარდაჭერა, როგორც დემოკრატიული იდეალების მხარდაჭერა, უმჯობესია, გეგმის განხორციელებაზე ხელი აიღონ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძე გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.
„როგორც ჩანს, და ყველაფერი ამაზე მიანიშნებს, რომ ცდილობენ, პლაცდარმი მოუმზადონ სალომე ზურაბიშვილს, რათა მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით. ამაზე ბევრი რამ მიანიშნებს და ეს სერიოზულად განსახილველი ამბავია. პრაქტიკულად, ადრე ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა სალომე ზურაბიშვილი „გაყიდა“, როცა შეწყალებასთან დაკავშირებით თქვა, რომ წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია. ახლაც დაახლოებით იგივე სურათია. პატარა ბავშვს რომ აღმოაჩენენ „დახუჭობანას“ თამაშის დროს და მაინც ცდილობს, სამალავიდან არ გამოვიდეს, სალომე ზურაბიშვილი დაახლოებით ამ მდგომარეობაშია.
როგორც ჩანს, შეწყალებას აპირებს და მძევალია მანამდე გაკეთებული აბსოლუტურად მართებული განცხადების. ახლა, როცა გადაწყვეტილი აქვს, შეცვალოს პოზიცია, მყარი დასაყრდენი სჭირდება. ეს ძალიან ცუდად ჩანს, გაშიფრულია და უმჯობესია, ამ გეგმის განხორციელებაზე ხელი აიღონ ადამიანებმა, ვინც ამას გეგმავენ. რამდენიმე ევროპარლამენტარია, რომლებიც საქართველოში ოდიოზურად გამოიყურებიან. საბედნიეროდ, ეს არ ვრცელდება ყველაზე და უმრავლესობაზე. თავიანთი მოტივაცია აქვთ მათ, ვისთვისაც სააკაშვილის გულშემატკივრობა და მასთან მეგობრობა უფრო ღირებულია, ვიდრე მთელი ქართველი ერი. სხვათა შორის, ეს ადამიანები სტატუსთან მიმართებით ამბობდნენ, რომ ქვეყანას არ უნდა მიეღო, რათა ხელისუფლების შეცვლისთვის ყოფილიყო გამოყენებული. ამ განცხადებას აკეთებდნენ „დაჯგუფებიდან“, რომელიც სააკაშვილის მხარდაჭერით გამოირჩევა. საქართველოში ვერ გაიყიდება სააკაშვილის მხარდაჭერა, როგორც დემოკრატიული იდეალების მხარდაჭერა, რადგან „კასტილიან“ კაცთან ასოცირდება. ამის მიუხედავად, რაღაცებს გეგმავენ. ეს ქართული საზოგადოების მიმართ უპატივცემულობაა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.