მიხეილ სარჯველაძე - საქართველოში არცერთ ხელისუფლებას ისე სერიოზულად არ განუცხადებია ალიანსში ინტეგრაციის გზაზე ერთგულება, როგორც ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა
საქართველოს არცერთ ხელისუფლებას ისე ცხადად და სერიოზულად არ განუცხადებია ერთგულება ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე, როგორც ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპონენტებს სურთ, რომ ვილნიუსის სამიტი საქართველოსთვის წარუმატებლობა იყოს, ვითარება წარუმატებლობად წარმოადგინონ.
„ვინმე მშრალად, ყოველგვარი ემოციის გარეშე თუ წაიკითხავს სამიტის შესახებ ინფორმაციას, დაინახავს, რომ რაიმე წარუმატებლობაზე საუბარი ზედმეტია, პირიქით. იმ ფონზე, როცა უკრაინაში რუსეთის მხრიდან აგრესია მიმდინარეობს, ყველასთვის გასაგებია, რომ ყურადღების ცენტრში უკრაინა იქნებოდა. აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მეტი ყურადღება უკრაინის მიმართ იყო დათმობილი. ვინმეს თუ წარმოუდგენია, რომ იმ ფონზე, როცა უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ხოლო საქართველოში ომი არ მიმდინარეობს, უკრაინასა და საქართველოს ერთნაირი ყურადღება უნდა ჰქონოდა მიპყრობილი, ეს შეუძლებელი იქნებოდა. უკრაინასთან მიმართებით სამი კონკრეტული წინაპირობა დასახელდა, რომლებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მომავალშია მისაღები, საქართველოსთან მიმართებით რეფორმების გაგრძელება, რაც ყველასთვის გასაგებია და იმთავითვე ცნობილი ფაქტია.
რაც შეეხება პოლიტიკურ შეთანხმებას, ესეც ზუსტად იდენტურია – ისეთივე, როგორიც აქვს უკრაინას. იმ ფონზე, როცა კონკრეტული ვადები არ დასახელებულა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, არ მგონია, ვინმეს იმის თქმის საფუძველი ჰქონდეს, რომ ნატო-სკენ უკრაინის გზა შემოკლებულია, საქართველოსთან მიმართებით კი ეს გზა განსხვავებულია. ყველაფერს მომავალი აჩვენებს.
საქართველოს არცერთ ხელისუფლებას ისე ცხადად და სერიოზულად არ განუცხადებია ერთგულება ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე, როგორც ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა, როცა ეს ყველაფერი საქართველოს კონსტიტუციაში ასახა. არავის აქვს საფუძველი იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების მიმართულებით ნაკლებად გამსჭვალულობა დააბრალოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.