მიხეილ სარჯველაძე - საქართველო ოდითგანვე იბრძვის თავისუფლებისთვის და არა უკეთესი ბატონის არჩევისთვის, ხოხვისთვის დაბადებული ვერ შეძლებს ფრენას, ესაა ოპოზიციის მანკიერი ხედვების დიაგნოზი
მიხეილ სარჯველაძე - საქართველო ოდითგანვე იბრძვის თავისუფლებისთვის და არა უკეთესი ბატონის არჩევისთვის, ხოხვისთვის დაბადებული ვერ შეძლებს ფრენას, ესაა ოპოზიციის მანკიერი ხედვების დიაგნოზი

მანჯგალაძის განცხადებაში განვითარებული მსჯელობა იყო აბსოლუტურად უმართებულო, რადგან სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში ჩინეთთან ურთიერთობა ნიშნავს, რომ საქართველო შეძლებს, გამოიყენოს უკეთ ის პოტენციალი, რომელიც მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარეობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, ყველა ევროპულ სახელმწიფოს აქვს უზარმაზარი ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთთან.

„ვაჭრობს ეს ხალხი ერთმანეთთან და, აქედან გამომდინარე, შეუძლებელია საუბარი რაიმე უარყოფით ფაქტორზე, რომელიც შეიძლება, გააჩნდეს ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებას. ყველა ევროპულ სახელმწიფოს აქვს უზარმაზარი ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთთან ან აზიურ სხვა სახელმწიფოსთან და რატომ გახდა ეს ვინმესთვის დამაზიანებელი ქართულ ოპოზიციაში, მგონი, ამას ერთადერთი ახსნა შეიძლება, ჰქონდეს, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოსთვის შესაძლებლობების გაფართოებას, გაუმჯობესებას, რადგან ხვდებიან, რომ ნებისმიერი წინ წაწეული საქმე საქართველოში ამ ხელისუფლების პირობებში არის ოპოზიციისთვის დამანგრეველი ეფექტის მქონე. ამიტომაც ეწინააღმდეგებიან ამას. რაც შეეხება განცხადებას და ასეთი ტერმინოლოგიის გამოყენებას პაატა მანჯგალაძის მხრიდან, არ ვიცი, ის აღიქვამს, რომ აშშ-თან პარტნიორული ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან არის მხოლოდ ბატონის არჩევის პროცესი, ეს, რასაკვირველია, არის ძალიან ცუდი განცხადება, აბსოლუტურად შეუფერებელი ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის, რადგან ასეთ განცხადებებს ამომრჩეველი არ პატიობს. შეუძლებელია ამიერიდან დიდი ენთუზიაზმით ისაუბროს ვინმემ საქართველოს შესაძლებლობებზე, სუვერენიტეტზე იმ პოლიტიკური ჯგუფიდან, რომელსაც მანჯგალაძე წარმოადგენს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფაქტია, რომ ოპოზიციაში საქართველოს არასრულფასოვან სახელმწიფოდ აღიქვამენ.

„ამიტომ ეწოდათ მათ სამართლიანად უსამშობლო ხალხი. მათი ერთადერთი საზრუნავი, როდესაც საგარეო პოლიტიკაზე საუბრობენ არის, ვის მორჩილებაში და მონობაში იმყოფებოდნენ. საქართველო ოდითგანვე იბრძვის თავისუფლებისთვის და არა უკეთესი ბატონის არჩევისთვის, მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს. სამწუხაროა, მაგრამ აქაც შეგვიძლია, პერიფრაზი გავაკეთოთ და ვთქვათ: ხოხვისთვის დაბადებული ვერ შეძლებს ფრენას – ეს არის ალბათ მნიშვნელოვანი დიაგნოზი, რომელიც ახლა შეგვიძლია, დავუსვათ ერთმნიშვნელოვნად და ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე მანჯგალაძისგან გაცხადებულ მთლიანად ოპოზიციის ამ მანკიერ ხედვებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა: „შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა, ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს, რა მოიფიქრა ღარიბაშვილმა ასეთი, რომ ორივესთან აპირებს მეგობრობას, გაუგებარია“.