მიხეილ სარჯველაძე - სანქციებს სჭირდება სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასება, მათ შორის არის ეკონომიკური ფაქტორებიც, რომლებზეც შეიძლება, უარყოფითად აისახოს და კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს ბევრი თვალსაზრისით
მიხეილ სარჯველაძე - სანქციებს სჭირდება სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასება, მათ შორის არის ეკონომიკური ფაქტორებიც, რომლებზეც შეიძლება, უარყოფითად აისახოს და კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს ბევრი თვალსაზრისით

თითოეული სახელმწიფო სხვადასხვა ფორმითა და შინაარსით იღებს გადაწყვეტილებებს ცალკეულ სანქციებთან დაკავშირებით, სანქციებს სჭირდება სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასება, ამ კრიტერიუმებს შორის არის ეკონომიკური ფაქტორებიც, რომელზეც შემდეგ შეიძლება, უარყოფითად აისახოს და კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს ბევრი თვალსაზრისით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკურ სანქციების მიზანშეწონილობაზე როდესაც არის საუბარი, განსახილველია სხვადასხვა კრიტერიუმი, რომელთა შორის არის ეკონომიკური ფაქტორებიც.

„ასე არ არის, რომ უნივერსალური პაკეტები არსებობდეს და პირდაპირ უკვეთავდე. იმიტომ არის, რომ მთელი დასავლეთი სამყარო ამაზე დაფიქრებულად მსჯელობს და თითოეული ის სახელმწიფო, რომელიც სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა შინაარსით იღებს გადაწყვეტილებებს ცალკეულ სანქციებთან დაკავშირებით, ამას სჭირდება სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასება. ამ კრიტერიუმებს შორის არის ეკონომიკური ფაქტორებიც, რომელიც შემდეგ შეიძლება, უარყოფითად აისახოს და კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს ბევრი თვალსაზრისით. ამიტომ, ამ ყველაფერს სჭირდება კარგი ანალიტიკა და ამის მიხედვით გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, როდესაც ოპოზიცია აყენებს მოთხოვნას ცალკეული სანქციების გამოყენებასთან დაკავშირებით, ასე ზოგადად საუბარი უბრალოდ არაფრისმომტანი არ იქნება. ვისაუბროთ კონკრეტულ სანქციებთან დაკავშირებით მაშინ, თუ რა შეიძლება მიაჩნდეთ მათ გონივრულად და შემდგომ გავაანალიზოთ ყველა კრიტერიუმის მიხედვით. რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით მივიღებთ შედეგად იმას, რომ რეალურად, ცალკეულ შემთხვევებში უბრალოდ არაგონივრულია საქართველოს მხრიდან საუბარი მაგალითად რომელიმე სანქციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენელთა მოთხოვნას, რომ საქართველოს მთავრობა შეუერთდეს დაწესებულ სანქციებს, სარჯველაძის თქმით, „ეს საერთოდ აზრს მოკლებულია“.

„ე.ი. ბრიტანეთი რომ რაღაც ტიპის ტრანზაქციებს ზღუდავს, ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ მთლიანად ვაჭრობა შეწყდება, ასე არ არის. სანქციები რომ წესდება, შესაბამისად, ამას აქვს თავის რაციონალური ახსნა, აქედან ჩვენ მხარდაჭერას ბრიტანეთის მიმართ რა ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს, ეს ჩემთვის გაუგებარია. რაც შეეხება საკითხს, რომ პერსონალურ მიმოსვლასთან დაკავშირებით არსებობდეს სანქციები, ეს უკვე გამორიცხულია, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ანტისაოკუპაციო კანონმდებლობა, რომელსაც დღემდე მხარს ვუჭერთ და დღემდე ამას ყურადღება ექცევა. შესაბამისად, ამ ფონზე ოპოზიციის მხრიდან საუბარი შინაარსს მოკლებულია და მეორეს მხრივ, ეს არის შიშველი პოპულიზმი“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

უმრავლესობის დეპუტატმა საქართველოში „ვითიბი ბანკის“ საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვასაც უპასუხა.

„რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, „ვითიბი“ არ არის ბანკი, რომელიც მხოლოდ საქართველოში ოპერირებს. ამასაც სჭირდება კარგად განსჯა. მათ შორის, არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შეიძლება იყვნენ ანაბრებთან დაკავშირებული. თუ მაგალითად, მივიღეთ გადაწყვეტილება, პირობითად, რომელიმე ბანკთან დაკავშირებით, ამან შეიძლება უფრო მეტი ზიანი გამოიწვიოს საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვიდრე რუსული რომელიმე კომპანიისთვის“, – განაცხადა სარჯველაძემ.