მიხეილ სარჯველაძე - სამი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება არის დილეტანტიზმი და გათვლილია უსაფუძვლო აჟიოტაჟის შექმნაზე
სამი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება არის აბსოლუტური დილეტანტიზმი და გათვლილია, რომ დაუსაბუთებელი, სრულიად უსაფუძვლო აჟიოტაჟი შეიქმნას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
სარჯველაძის თქმით, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდება ყალბი პირადობის მოწმობის შესაძლო ბეჭდვაზე უსაფუძვლოა.
„ჩვენ ყველა ვალდებული ვართ, რომ არ დავუშვათ მსგავსი სრულიად აღმაშფოთებელი განცხადებებით დაწესებულების რეპუტაციის შელახვა და თითოეული იმ ადამიანის რეპუტაციის შელახვა, რომელიც ემსახურება მუხლჩაუხრელად ამ საქმეს და ემსახურება აბსოლუტურად კეთილსინდისიერად”, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდია, ყველა ასეთი განცხადება რაღაცა შინაარსის მატარებელი შეიძლება იყოს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, გადაუმოწმებელი, ყოველგვარ იოტისოდენა საფუძველს მოკლებული, განცხადება.
„სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გააკეთა სრულიად დილეტანტური განცხადება და ამას სიმართლესთან არავითარი საერთო არ გააჩნია”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.