მიხეილ სარჯველაძე - საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა უფრო პოლიტიკური ხმაურის შესაქმნელად არის მიმართული, ვიდრე კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მისაღწევად
მიხეილ სარჯველაძე - საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა უფრო პოლიტიკური ხმაურის შესაქმნელად არის მიმართული, ვიდრე კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მისაღწევად

ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა უფრო პოლიტიკური ხმაურის შესაქმნელად არის მიმართული, ვიდრე კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მისაღწევად, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„თავისთავად ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოება წარიმართოს, მაგრამ არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციას რამე დიდი პერსპექტივის იმედი უნდა ჰქონდეს ამ მიმართულებით; არ მგონია, რომ გამართლებული იყოს მათი მხრიდან ეს არჩევანი. ვფიქრობ, უფრო მეტად ახალი პოლიტიკური აჟიოტაჟის ან ახალი ასპარეზის გამოჩენის საშუალებად უფრო განიხილება ეს მათთვის, ვიდრე რეალურ ინსტრუმენტად, რომ რაღაც პოზიტიურ ცვლილებებს მიაღწიონ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, როდესაც აშშ აკეთებს განცხადებებს საჯარო სივრცეებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ერთადერთი წყარო, რაც ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, გამოყენებულია, არის ოპონენტების მიერ საჯარო სივრცეში ნასაუბრები ამ თემასთან დაკავშირებით.

„ისინი კონკრეტულ წყაროს არ ასახელებენ და კონკრეტულ განმარტებებს არ აკეთებენ იმასთან დაკავშირებით, რა გახდა მოსამართლეთა მიმართ სანქციების გამოყენების მიზეზი. სხვათა შორის, ამას ელჩმაც ვერ გასცა პასუხი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ ამ კითხვებს პასუხი გასცეს საგამოძიებო კომისიამ, რომლის შექმნასაც ოპოზიცია მოითხოვს, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ეს პრინციპულად მიუღებელია.

„საქმე რაშია, იცით? სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პატივისცემა ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ სადმე რაღაც განყენებულად დებულება იყოს კონსტიტუციაში, რომელსაც, როგორც გვინდა, ისე გამოვიყენებთ ჩვარივით? ეს ხომ არ არის სწორი?! დამოუკიდებლობის პატივისცემა ნიშნავს იმას, რომ, უპირველესად, ეს არის ავტონომიური სახელისუფლებო სტრუქტურა. არ შეიძლება, ის გაიგივებული და გადაზელილი იყოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან. ეს კარგად უნდა გვახსოვდეს. რაც მეტად ავტონომიურია სასამართლო ხელისუფლება და რაც ნაკლებად ჩარევის შესაძლებლობა აქვს ვინმე სხვას, რასაკვირველია, სწორია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, შესაძლოა, ოპოზიციაში არიან ადამიანები, ვისაც არ ესმის, სამართლებრივად რამდენად დიდია დრამატიზმი და ტრაგიზმი ამ ყველაფერში, როდესაც საკანონმდებლო ხელისუფლებაში უნდა ირჩეოდეს რომელიმე მოსამართლის ავკარგიანობის საკითხი მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ წერია, რომ იუსტიციის საბჭო იმისთვის არსებობს, რათა არ ორგანომ, მოსამართლეებმა დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, რომ სასამართლო ხელისუფლება იყოს თვითმყოფადი, თუ რომელი მოსამართლე იმსახურებს იმ კორპუსში ყოფნას და რომელი – არა.

გადაცემის წამყვანმა სტუმარს NDI-ის ახალი კვლევის შედეგებთან დაკავშირებითაც ჰკითხა, არის თუ არა „ქართული ოცნება“ კმაყოფილი კვლევის ახალი მონაცემებით, რადგან NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით მმართველი პარტიის მხარდაჭერის მაჩვენებელი 20%-ს შეადგენს, როცა წინა კვლევაში ეს მაჩვენებელი 25% იყო, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ვერ იტყვის, რომ ეს კვლევა რეალობის ამსახველია.

„არ მგონია, ეს რეალური მაჩვენებელი იყოს. უკეთესი მაჩვენებელია ის რეზულტატი, რომელიც გვაქვს, მათ შორის, არჩევნებზე, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა შთამბეჭდავი იყო“, – განაცხადა სარჯველაძემ.

შეკითხვაზე, არის თუ არა მიღებული შედეგი იმით გამოწვეული, რომ არჩევნებში მხოლოდ მმართველი პარტია მონაწილეობდა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ, დაძაბული კონკურენციის არარსებობის მიუხედავად, ამომრჩეველთა აქტივობა ძალიან მაღალი იყო, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამასთან, საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც „ქართული ოცნების“ კანდიდატებს მხარი დაუჭირა.

„შესაბამისად, ეს ნამდვილად გვაძლევს საფუძველს ოპტიმიზმისთვის, პარტიული გადმოსახედიდან ვგულისხმობ, და, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს მრავლისმეტყველი გარემოება იყო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.