მიხეილ სარჯველაძე - საგამოძიებო კომისიის შექმნა არასწორია, არ შეიძლება, მოსამართლეების გათავისუფლების საკითხი პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან განიხილებოდეს
მიხეილ სარჯველაძე - საგამოძიებო კომისიის შექმნა არასწორია, არ შეიძლება, მოსამართლეების გათავისუფლების საკითხი პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან განიხილებოდეს

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ვინც ითხოვს, თავადაც გადასარევად ხვდება, რომ ეს არასწორია, მათ შორის არათავსებადია კონსტიტუციურ წესრიგთან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, არ შეიძლება, მოსამართლეების გათავისუფლების საკითხი პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან განიხილებოდეს.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მიზანი აჟიოტაჟის შექმნაა.

„სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა არ უშვებს შესაძლებლობას, რომ რომელიმე სხვა პოლიტიკურ ხელისუფლებაში განიხილებოდეს სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირთა ავკარგიანობისა და ამაზე რეაგირების საკითხი. არ შეიძლება, მოსამართლეების გათავისუფლების საკითხი პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან განიხილებოდეს. ამას ყველამ ანგარიში უნდა გაუწიოს. მათი მიზანია აჟიოტაჟის შექმნა და ამ თემის კიდევ უფრო ცხელ პოლიტიკურ თემად გადაქცევა, რაც არ არის კარგი პროცესი, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.