მიხეილ სარჯველაძე - საბედნიეროდ, დღეს ქვეყანას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ოპოზიციას რეკომენდაციების შესრულების პროცესში ჩიხი არ შეაქმნევინოს
საბედნიეროდ, დღეს ქვეყანას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ოპოზიციას დესტრუქციული დამოკიდებულებით რეკომენდაციების შესრულების პროცესში ჩიხი არ შეაქმნევინოს, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.
„წინა ეტაპზე ოპოზიციამ ცრუ ბოიკოტის სტრატეგია აირჩია, იმიტომ, რომ, რეალურად, მეტი ნაკლოვანება შექმნოდა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს. ეს არ არის შეთქმულების თეორია და კონსპირაცია. იქ იყო ეს ჩანაფიქრი თავიდანვე. დიდი იმედი მაქვს, ვიღაც ნებსით და ვიღაც უნებლიეთ, მაგრამ ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილი ნამდვილად ამას აკეთებდა. ისინი ცდილობდნენ, რაც შეიძლება, მეტი მიზეზი შეექმნათ ხელოვნურად იმისთვის, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების დისკრედიტაცია მომხდარიყო. სხვა ახსნა არ გააჩნია იმას, რატომ არ შემოვიდნენ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში. წესით, ისინი უნდა შემოსულიყვნენ. ჩვენ შევძელით და ეს ვაჩვენეთ საზოგადოებას, რომ ოპოზიციას ეს განზრახვა და განწყობა ჰქონდა. ცალკეული პოლიტიკოსები, ვინც შარშან ამ განწყობით იყო, თუ წელს შეიცვლიან დამოკიდებულებას, ახლა, როდესაც გადაწყვეტილებას იღებენ, რა თქმა უნდა, აქ დიდ როლს ითამაშებს ეს ფაქტორი, რომ აღარ ენდომებათ ხელმეორედ იმავე შეცდომის დაშვება. ეს, რა თქმა უნდა, შეცდომა იყო. იმიტომ, რომ ამომრჩეველიც კრიტიკულად უყურებს იმ ხალხს, რომელიც ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, დემოკრატიაში ცხოვრება თუ გვინდა, მნიშვნელოვანია, არსებობდეს განსხვავებული აზრის გამოთქმის შესაძლებლობა, რაც საქართველოში ნამდვილად არის.
„მთავარია, გადაწყვეტილების მიმღებს არ ჰქონდეს შექმნილი ისეთი გარემო, სადაც განსხვავებული აზრი არ ისმის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიციის მონაწილეობას მხოლოდ მაშინ მივანიჭოთ ფუნქცია და მნიშვნელობა, როდესაც ოპოზიცია გადაწყვეტილების მიღების უნარიანი ხდება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას ნიშნავს ევროკომისიის ანგარიშში ჩანაწერი, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება საკმაოდ ძლიერია, თავისუფლად მოქმედებს და მას წინააღმდეგობა არ ექმნება, თუმცა ევროკავშირი გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მეტ ჩართულობას ისურვებდა და ის ფაქტორი, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესში სამოქალაქო საზოგადოება ჩართული იყო, თუმცა მათი პოზიციები მთავრობის მიერ არ იქნა გათვალისწინებული, შეიძლება თუ არა, ოპოზიციისთვის გახდეს იმის თქმის მიზეზი, რომ პროცესში მათ მონაწილეობას აზრი არ აქვს, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ, რა თქმა უნდა, პარტნიორები არ იცნობენ რეგლამენტის ყველა დებულებას და ისინი ეყრდნობიან გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც მათთან სამოქალაქო საზოგადოებიდან მიდის.
„ეს ნიშნავს კი იმას, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ან, მაგალითად, სავალდებულო ვეტოს უფლება ჰქონდეს? მაგალითად, პარტნიორები, რა თქმა უნდა, არ იცნობენ რეგლამენტის ყველა დებულებას, როგორ მიმდინარეობს მუშაობა, როგორ შეუძლიათ კომიტეტის სხდომაზე დასწრება, მონაწილეობა, მოსაზრების, საკანონმდებლო წინადადების წარმოდგენა და ა.შ. მათთვის ხომ ეს გასაგები ვერ იქნება? ისინი, რა თქმა უნდა, ეყრდნობიან გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც აქედან მიდის. უბრალოდ, ისე არ გამოვიდეს, „ურჯულომ დაიფიცა და რჯულიერმა დაიჯერაო“. მათთან მიდის ეს ინფორმაცია, სადაც არის წუწუნი სადღაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვინმეს არასათანადო მონაწილეობაზე. მე, უბრალოდ, არ მგონია, რომ დღეს საქართველოში, ამ საპარლამენტო რეგლამენტის ფონზე, ვინმეს, ვისაც რამე აქვს სათქმელი, ეს გამოუთქმელი დარჩეს და ამის შესაძლებლობა არ ჰქონდეს. მერწმუნეთ, არ არსებობს ბარიერი, რომელსაც შეუძლია ამის დაკეტვა. ვისაც სურვილი აქვს, მოსაზრება გამოთქვას, ის შეძლებს ამის თქმას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.