მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილის განცხადება არის სიტყვების ბრახაბრუხი, კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირება, რომ საქმე გვაქვს ძალაუფლების წყურვილით შეპყრობილ ადამიანებთან
მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილის განცხადება არის სიტყვების ბრახაბრუხი, კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირება, რომ საქმე გვაქვს ძალაუფლების წყურვილით შეპყრობილ ადამიანებთან

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები სიტყვენის ბრახაბრუხია.

სარჯველაძის თქმით, არ იცის, რაზე დაყრდნობით საუბრობს სააკაშვილი ხელისუფლების შეცვლასა და რიგგარეშე არჩევნებზე.

„მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის სიტყვების ბრახაბრუხი. სამწუხაროდ, მისი ბოლოდროინდელი განცხადებები ასეთ შეფასებას იმსახურებს. არ ვიცი, რაზე დაყრდნობით საუბრობს ხელისუფლების შეცვლასა და რიგგარეშე არჩევნებზე, მაგრამ მგონი, ეს არის კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა, რომ რაღაცნაირად დამუხტოს საკუთარი მომხრეები. და დამუხტოს არც თუ კარგი საქმეებისთვის, რაც არ მგონია, სწორი გათვლები იყოს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძის აზრით, პარლამენტთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირება, რომ საქმე გვაქვს ხელისუფლებაში ყოფნისა და ძალაუფლების დაუოკებელი წყურვილით შეპყრობილ ადამიანებთან.

„მათ არაფერი აქვთ საერთო სწორ პოლიტიკურ, დემოკრატიულ პროცესებთან, ასეთია მათი ბუნება, ახალი არაფერია და იგივე ოპერის გაგრძელებაა“, – დასძინა მიხეილ სარჯველაძემ.

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „თუ ვიქნებით აქტიურები, ამ ხელისუფლებას ამ ფორმით დარჩა მაქსიმუმ თვე-ნახევარი. ეს ხელისუფლება წავა მოუსავლეთში ამ გაზაფხულზე. ამის შემდეგ უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა. მათ შორის, შეიძლება, შესული იყვნენ ნაწილობრივ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც. ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები“.

გარდა ამისა, სააკაშვილმა სასამართლო პროცესიდან მიმართა საპარლამენტო ოპოზიციას: „გვეყო პარლამენტარობის თამაში. მე არ მოგიწოდებთ, პარლამენტიდან გამოხვიდეთ, არა, იყავით პარლამენტში, მაგრამ სალაპარაკოა მხოლოდ ერთ საკითხზე – როდის მოშორდებით ხელისუფლებას. სხვა კითხვა-პასუხი დღესდღეობით არ შეიძლება, იყოს“.