მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია, ჯანმრთელობას იუარესებს შეგნებულად და ასეთ დროს ხელისუფლების დადანაშაულება აბსურდულია
ფაქტია, არავითარ წამებას ადგილი არ აქვს, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია თვითდაზიანებით და მან უნდა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა, რაც ასეთ ქცევას მოსდევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ხელისუფლების ბევრი ოპონენტია, ვინც მოწადინებულია, შექმნან რაღაც დრამატული და ისტერიული ფონი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
„სამწუხაროდ, აქტიურია მოწოდებები თვითდაზიანების გაღრმავების მიმართულებით. ეს ცეცხლთან თამაშია, ეს არ არის კეთილსინდისიერი და ზნეობრივი მათი მხრიდან. ყველასთვის ნათელია, რომ სააკაშვილი საუბრობს გარკვეულ პირობებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმშია, ჯანმრთელობას იუარესებს შეგნებულად და ასეთ დროს ხელისუფლების დადანაშაულება აბსურდულია. ამიტომ არავითარ პასუხისმგებლობაზე საუბარი არ არის მართებული და იუსტიციის მინისტრმა ამას გასცა პასუხი. რაც შეეხება ევროპარლამენტს, თქვენ ხედავთ, რა არის ფაქტობრივი მოცემულობა. არ ვიცი, ვინ როგორ და რაზე დაყრდნობით, იგივე ევროპელი პოლიტიკოსები როგორ აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ წამებას აქვს ადგილი. არ ვიცი, ვისგან მიწოდებულ ინფორმაციას ფლობენ და რაზე დაყრდნობით აკეთებენ დასკვნებს. ვშიშობ, შეიძლება ადგილი ჰქონდეს არასწორ ინფორმირებას, შეიძლება ადგილი ჰქონდეს მიკერძოებულ დასკვნებს. ფაქტია, არავითარ წამებას ადგილი არ აქვს, ეს ადამიანი დაკავებულია თვითდაზიანებით და მან უნდა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა, რაც ასეთ ქცევას მოსდევს“, – განაცხადა სარჯველაძემ.