მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილი ხვდება, რომ დაშვებული აქვს უმძიმესი შეცდომა, როცა ჩამოსვლა და არეულობის მოწყობა გადაწყვიტა, ახლა ცდილობს, ამ ამბავში სხვა დამნაშავე იპოვოს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სააკაშვილი ხვდება, რომ საქართველოში ჩამოსვლით უმძიმესი შეცდომა აქვს დაშვებული და ახლა ცდილობს, ამ საკითხში სხვა დამნაშავე იპოვოს.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, არსებობენ ძალები, ვისთვისაც სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა შეიძლება, საინტერესო ყოფილიყო.
„მიხეილ სააკაშვილი ხვდება, რომ დაშვებული აქვს უმძიმესი შეცდომა, როცა საქართველოში ჩამოსვლა და არეულობის მოწყობა გადაწყვიტა. როგორც ჩანს, აღიქვამს, რომ ეს შეცდომა იყო და ახლა ცდილობს, ამ ამბავში სხვა დამნაშავე იპოვოს, თუმცა ამ შეცდომის ავტორია სააკაშვილი და მისი გარემოცვა, რომელთაც აფიქრებინეს, რომ საქართველოში არის სიტუაცია, როცა საინტერესოა დესტრუქციული გეგმის შეთავაზება. ეს შეცდომა იყო. ვერ გეტყვით, ვის ინტერესში შეიძლება ყოფილიყო ასეთი დესტრუქციული გეგმის შეთავაზება და ამ მიზნით საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლა, თუმცა, როგორც ჩანს, არსებობენ ძალები, ვისთვისაც მისი საქართველოში ჩამოსვლა შეიძლება, საინტერესო ყოფილიყო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ გამოცემა „შპიგელში“ გამოქვეყნდა. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს: „არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათ შორის, ვინც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემს დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო“.
ამასთან, ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილს ასევე დაუსვეს კითხვა ვიდეომასალასთან დაკავშირებით, რომელშიც, „შპიგელის“, ჟურნალისტის თქმით, ჩანს მისი მხრიდან კლინიკის პერსონალის მიმართ აგრესიის გამოხატვა და გარშემო ნივთების გადაყრა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მოსამართლე და პროკურორები მის პალატაში აპირებდნენ პროცესის გამართვას, მიუხედავად იმისა, რომ სიცხე, წნევა და ტვინის ანთება ჰქონდა და წამლებიც ამიტომ დაყარა.