მიხეილ სარჯველაძე - რუსეთთან ფრენების აღდგენაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით, ეს არის მეტი კომფორტის შექმნა საქართველოს მოსახლეობისთვის
ვისთვისაც ყველაზე მეტად საყურადღებოა რუსეთის თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, მათ შეუძლიათ, საკუთარი დასკვნები დაამყარონ ასეთ მოსაზრებებზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველოსთან აუცილებელია არა მხოლოდ ავიაფრენების, ასევე ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების სრულად განახლება“. მისივე თქმით, „საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებასა და საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მხარდაჭერას“.
„ვისთვისაც ყველაზე მეტად საყურადღებოა რუსეთის თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, მათ შეუძლიათ, საკუთარი დასკვნები დაამყარონ ასეთ მოსაზრებებზე. ჩვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ როგორ ხედავს საკითხს. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის რა იქნება ღირებული და აქედან გამომდინარე ვაკეთებთ დასკვნებს. ეს არის მოცემულობა, რომელიც გვაქვს და მგონია, რომ არავის აქვს საფუძველი რაიმე სპეკულაციებისთვის, ასეთი ინტერპრეტაციების კეთებისთვის, მათ შორის იმაზე საუბრისთვის, თითქოს რუსული მხარისა და ქართული მხარის რიტორიკა ერთმანეთს შეიძლება, ემთხვეოდეს. საქართველოს მკაფიოდ აქვს გამოხატული ინტერესები, რისი დაცვისკენ არის მოწოდებული მთელი ხელისუფლების და ქართული საზოგადოების აქტივობები. შესაბამისად, ყველას მოუწევს მხედველობაში იმის მიღება, რომ საქართველოში დღეს არის ხელისუფლება, რომლისთვისაც ნომერ პირველი ღირებულება გახლავთ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, დეოკუპაციას, ყოველმხრივ კომფორტის შექმნას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის.
იმ ფონზე, როდესაც არსებობს მოცემულობა, რომ რუსეთის მოქალაქეს შეუძლია, საქართველოში მანქანით იმოგზაუროს, ასეთ პირობებში, ტექნიკურად ახალი არხის გახსნა შესაძლებლობას მისცემს, მაგალითად, რუსეთში მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას, იმოგზაურონ საქართველოში საკუთარი ოჯახების მოსანახულებლად არა სომხეთის, აზერბაიჯანის გავლით, არამედ პირდაპირ იმოგზაურონ. ამაში მე პირადად ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. პირიქით, ეს არის მეტი კომფორტის შექმნა საქართველოს მოსახლეობისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, რაც შეეხება საკითხს, რომ ეს ინტერპრეტირებულ იქნას, როგორც პრორუსულობის დამადასტურებელი არგუმენტი, ეს არასწორია.
„ეს მიუღებელი რიტორიკაა, რომელსაც დღეს ოპოზიცია გვთავაზობს მოსახლეობის მოსატყუებლად, თითქოს ფრენის ან სახმელეთო მიმოსვლის ქონა ნიშნავს ოკუპაციის მიმართულებით უკან დახევას და ა.შ. დიპლომატიას რაც შეეხება, ყველაფერი დამოკიდებულია შინაარსზე, რადგან ურთიერთობა დღეს, იმავე ჰუმანიტარული მოტივებიდან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციასთან ირიბი არხებით, მაგრამ მაინც არსებობს. ეს არის, მაგალითად, შვეიცარიის გავლით ან ჟენევის ფორმატით. ბუნებრივია, ეს არსებობს, რადგან არის საკითხები, რომლებსაც აუცილებლად სჭირდება რეგულირება. შესაბამისად, რა ფორმით, საშუალებებით და შინაარსით იქნება ასეთი ურთიერთობები, ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული. რაც შეეხება ინიციატივას, მე გავრილოვის ამ განცხადებას დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი. ეს არ არის ფორმა, რომლითაც წარიმართება დისკუსია და დიალოგი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.