მიხეილ სარჯველაძე - როდის აქედან გახდა ხელმოწერები გადამწყვეტი ფაქტორი, ჩადენილი დანაშაულებისთვის ვინმეს პასუხისმგებლობა ააცდინო? არამც და არამც, ეს სწორი არ არის
როდის აქედან გახდა ხელმოწერები გადამწყვეტი ფაქტორი, ჩადენილი დანაშაულებისთვის ვინმეს პასუხისმგებლობა ააცდინო? ეს არამც და არამც სწორი არ არის, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკურად გასაგებია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ხერხს ცდის იმ ამოცანის მისაღწევად, რაც თავიდანვე დღის წესრიგში ჰქონდათ.
„მათი დამოკიდებულებაა, კი ჩაიდინა სააკაშვილმა მძიმე დანაშაულები, რომლისთვისაც ნებისმიერი ადამიანი საპატიმრო სასჯელით პასუხს უნდა აგებდეს, მაგრამ იმის გამო, რომ ის სააკაშვილია, უნდა ჰქონდეს ინდულგენცია, პრივილეგია, პასუხისმგებლობა აიცდინოს. ამას ღიად არ უნდა საუბრობდნენ. ამისთვის ხერხად მოსინჯეს მოწამვლის ამბავი, ევროპარლამენტში საკუთარი მეგობრების ლობისტური აქტივობის შედეგად მიღებული რეზოლუციები, ფოტოების ფრიალი, რომელიც იყო მხოლოდ და მხოლოდ ცუდად დადგმული სპექტაკლი, უკლებლივ ყველაფერი მოსინჯეს, სტრასბურგიც, რომელმაც სილა გააწნა, რეალურად, დიდი ხნის სიმულაციას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მის უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის მერე, ახლა დღის წესრიგში დგას ხელმოწერები. როდის აქედან გახდა ხელმოწერები გადამწყვეტი ფაქტორი, ჩადენილი დანაშაულებისთვის ვინმეს პასუხისმგებლობა ააცდინო? ეს არამც და არამც სწორი არ არის. საკუთარ მომხრეებში, რომელიც შეიძლება იყოს ასი, ორასი ათასი, შესაძლოა, ხელმოწერები შეკრიბონ, მაგრამ რიტორიკულად დავსვათ კითხვა, საზოგადოებამ დავუსვათ საკუთარ თავს – ის, რაც გირგვლიანს, რობაქიძეს, ვალერი გელაშვილს დაემართა, ამის საპირწონე, ამაზე უკეთესი ღირებულება აქვს თუ არა ამ ხელმოწერების ამსახველ დოკუმენტებს? არ მგონია, რომ ეს ასეა. დიახ, დანაშაულის ჩამდენმა პირმა პასუხი უნდა აგოს, ეს იქნება სააკაშვილი თუ ნებისმიერი სხვა“, – განაცხადა სარჯველაძემ
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, სარჯველაძე ამბობს, რომ „ცუდი მოლოდინი აქვს“.
„როგორც ჩანს, ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების მიუხედავად – „არა და არასდროს“, სამწუხაროდ, აქვს დამოკიდებულება, რომ რაღაც ეტაპზე ამ გადაწყვეტილების შეცვლა მოუწევს. როგორც ჩანს, ასეთია მისი მდგომარეობა. ახლა გამორიცხული არ არის, სახის შენარჩუნებისთვის ამ გადაწყვეტილების შესაცვლელად მიზეზებს ეძებდეს. ღმერთმა ქნას, მეშლებოდეს, მაგრამ არცთუ ისე დიდი ხნის წინ, მას შემდეგ, რაც „არა და არასდროს“ თქვა, უცხოური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ასეთი რამ არ მითქვამსო, თუმცა საქართველოში გაუგეს, უცხოეთში ასეთი რამ რომ თქვა და, რასაკვირველია, საზოგადოებას დიდი აღშფოთება ჰქონდა. აქ იმაზეც არ დგას საკითხი, მისი პოზიცია სწორია თუ არა, უბრალოდ, ფლიდი ტყუილია, როცა ამბობ, ასეთი რამ არ მითქვამსო, ასეთი რამ მან თქვა. აქედან გამომდინარე, მგონი, პოზიციების ასეთი ტრანსფორმირება არცთუ მაინცდამაინც კარგი მოლოდინების მიზეზს უნდა იძლეოდეს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ გუშინ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რასაც სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ.