მიხეილ სარჯველაძე - რკინის კონსტრუქციები გამართლებულია თუ კონფლიქტისგან ან ქონების დაზიანებისგან დაცვის ფუნქცია აქვს, თუ უბრალოდ გადაკეტვის ფუნქცია აქვს, არ უნდა იყოს
დიალოგისთვის მზადყოფნა ნიშნავს დიალოგისთვის მზადყოფნას და არა ულტიმატუმის შესრულების შემდეგ მზადყოფნას, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა პროტესტზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არ არის სწორი მიდგომა. ასე უბრალოდ, წინ ვერ წავალთ, ვისთვისაც საქართველოს ინტერესია ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ამ განცხადებით მიხეილ სარჯველაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ უნდა მოიქცნენ აქციის მონაწილეები მაშინ, როდესაც მათი არც ერთი მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ისინი აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესის“ მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად დისკუსიაში ჩართვას არ დათანხმდებიან.
შეკითხვაზე, რატომ არ მოხდა რკინის კონსტრუქციების აღება და ტერიტორიიდან პოლიციის გასვლა, რასაც აქციის მონაწილეები ითხოვენ, სარჯველაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხს შესწავლა სჭირდება.
„მექანიკურად და გააზრების გარეშე პოლიციას რომ ხეობა მთლიანად დაეტოვებინა და იქ რაღაც მომხდარიყო ისეთი, რომელიც გაუმართლებელი იქნებოდა, მაგალითად, კომპანიის თანამშრომლებსა და ვიღაცას შორის, მერე როგორ დადგებოდა საკითხი? როგორ ფიქრობთ, ამას ასეთი მარტივი გამართლება ექნებოდა? კონსტრუქციებს რაც შეეხება, ინდივიდუალურ შემთხვევას შეფასება სჭირდება. მას ის თუ ფუნქცია აქვს, რომ რეალურად, კონფლიქტისგან, ან ქონების დაზიანებისგან დაიცვას, ბუნებრივია, ეს გამართლებულია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ამას არავითარი აზრი არ აქვს და უბრალოდ გადაკეტვის ფუნქცია აქვს, რასაკვირველია, არ უნდა იყოს, მაგრამ თქვენ გჯერათ, რომ ეს კონსტრუქცია იქ უმიზეზოდ არის დაყენებული?“, – განაცხადა სარჯველაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სად ხედავს გამოსავალს შექმნილ ვითარებაში, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მიდგომა, ყველას მხრიდან კონსტრუქციული უნდა იყოს და ყველას ძალისხმევა უნდა მიიმართოს იქითკენ, რომ არსებულ კითხვებს პასუხი გაეცეს.