მიხეილ სარჯველაძე - რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კონცეფციის შედეგად, ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი მთლიანად რეგიონის მასშტაბით
ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით, – აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებ საუბრისას განაცხადა.
უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ კონცეფციას უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრი წარადგენს.
„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ახსოვს საზოგადოებას და უშუალოდ მისი ჩართულობით გადაიჭრა ეს პრობლემა. პრაქტიკულად, ყველაზე ოპტიმალური ვერსიაა შემუშავებული და შეთანხმებული იმ კოლექტივთან, რომელიც დღემდე აგრძელებს მუშაობას იმ დაწესებულებაში. ეს არის შესანიშნავი და გამორჩეული კოლექტივი, რომელსაც ძალიან ამბიციური გეგმების განხორციელების უნარი შესწევს. აქედან გამომდინარე, დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კონცეფციის განხორციელების ერთ-ერთი მამოძრავებელი იქნება სწორედ ის კოლექტივი, რომელიც ამჟამად მუშაობს ამ დაწესებულებაში. კონცეფციის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გვექნება და უშუალოდ მუშაობას დავიწყებთ. გვაქვს გარკვეული იდეები – ერთი მხრივ, როგორ რეაბილიტირდეს არსებული ინფრასტრუქტურა და ბუნებრივია, განსაკუთრებული ინტერესის საგანი იქნება ახალი მშენებლობები, რომლის რესურსიც და პოტენციალიც აქვს იმ ტერიტორიას, რომელიც განაშენიანებას დაექვემდებარება. შესაბამისად, ვფიქრობთ, წამოვიწყოთ ისეთი სახის მშენებლობა, რომლის შედეგადაც ჩვენ მივიღებთ სრულიად ინოვაციურ, თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება მთლიანად რეგიონის მასშტაბით ამ სექტორში ფლაგმანი“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.