მიხეილ სარჯველაძე - რელევანტურად უნდა შეირჩეს მოლაპარაკების ყველა ის ფორმა, რომელმაც შეიძლება, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან შეთანხმებამდე მიგვიყვანოს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის საკითხზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შესაძლოა, ფორმატი მთავარი განმსაზღვრელი არ იყოს.
სარჯველაძის თქმით, მნიშვნელოვანია, მოლაპარაკება შედგეს და იყოს შერჩეული ყველა ის ფორმა, რომელიც მხარეებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან შეთანხმებამდე მიიყვანს.
„შეიძლება, ამ შემთხვევაში ფორმატი და ფორმა მთავარი განმსაზღვრელი არ იყოს. გაცილებით მაღალია მიზანი, რომ მოლაპარაკება შედგეს. ალბათ, რელევანტურად უნდა იყოს გათვალისწინებული და შერჩეული მოლაპარაკების ყველა ის ფორმა, რომელმაც შეიძლება, საქართველოსთვის მნიშვნელოვან შეთანხმებამდე მიგვიყვანოს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.