მიხეილ სარჯველაძე - რეალურად, უკვე გვაქვს ხელშესახები პროგრესი 12-ვე პუნქტის მიმართულებით, რჩება რამდენიმე საკითხი და ამასთან დაკავშირებით გავაგრძელებთ მუშაობას
მიხეილ სარჯველაძე - რეალურად, უკვე გვაქვს ხელშესახები პროგრესი 12-ვე პუნქტის მიმართულებით, რჩება რამდენიმე საკითხი და ამასთან დაკავშირებით გავაგრძელებთ მუშაობას

რეალურად, უკვე გვაქვს ხელშესახები პროგრესი 12-ვე პუნქტის მიმართულებით, რჩება რამდენიმე საკითხი და ამასთან დაკავშირებით მომავალში გავაგრძელებთ მუშაობას, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც მხოლოდ ხელისუფლების ძალისხმევა ან ოპოზიციის მხოლოდ იმ ნაწილის, რომელიც რეალურად კონსტრუქციულად არის განწყობილი, საკმარისი ვერ იქნება.

„საზოგადოება თვალს ადევნებს რეკომენდაციების შესრულების პროცესს. თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით საზოგადოება სრულიად ინფორმირებულია. პრაქტიკულად, მცირედი დაყოვნების გარეშე ხორციელდებოდა მთელი ეს სამუშაო პროცესი, რომელიც 12 პუნქტის შესრულებას გულისხმობს და ასეც გაგრძელდება, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ აჩვენოს პროგრესი და, რეალურად, უკვე გვაქვს ხელშესახები პროგრესი პრაქტიკულად 12-ვე პუნქტის მიმართულებით. რჩება რამდენიმე საკითხი და ამასთან დაკავშირებითაც მომავალში გავაგრძელებთ მუშაობას. სამწუხაროდ, არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც მხოლოდ ხელისუფლების ძალისხმევა ან ძალისხმევა ოპოზიციის მხოლოდ იმ ნაწილის, რომელიც რეალურად კონსტრუქციულად არის განწყობილი, საკმარისი ვერ იქნება. ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ეს უყურადღებოდ არ დარჩება, მათ შორის, ევროპელი კოლეგების მხრიდან, რომლებიც შეაფასებენ საქართველოს პროგრესს“, – აღნიშნა სარველაძემ.

ამასთან, კითხვას იმის შესახებ, რომ „12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტშია“, სარჯველაძემ განაცხადა:

„მე ვერ დავარქმევ ამას „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბოიკოტს. პირველივე დღიდან ეს იყო ერთგვარი პოლიტიკური ან საბოტაჟი, ან დივერსია. ასე მგონია, რადგან, რეალურად, ეს არის ხალხი, რომელიც ვერ ბედავს ამის თქმას, მაგრამ ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ დააზიანოს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება. რეალურად, მათი ამოცანა და მიზანი მდგომარეობს ერთში, რომ საქართველოს ამ ხელისუფლების პირობებში არ ჰქონდეს წარმატება. ისინი ებრძვიან, რეალურად, ქვეყნისს პროგრესს. ეს, რა თქმა უნდა, დასანანია, ცუდია, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არის ფაქტი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.