მიხეილ სარჯველაძე - პროტესტი გარანტირებული და დაცული უფლებაა, მაგრამ დაანონსებული რევოლუციური სცენარები კატეგორიულად დაუშვებელია
დღეს სახელმწიფო საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედება აღიკვეთოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ საპარლამენტო მანდატების დათმობის თემას, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება არსებული მოცემულობის გათვალისწინებით იქნება მიღებული.
„კონკრეტულ დროს, როდესაც დაიწყება ეს საკითხი, როგორიც იქნება მოცემულობა იმ მომენტისთვის, იმის შესაბამისი იქნება გადაწყეტილება. შესაძლოა, სხვადასხვაგვარი მოცემულუბები გვქონდეს. აქედან გამომდინარე, წინასწარ საუბარი ძნელია. დღეისთვის მოცემულობა ასეთი გვაქვს, რომ პოლიტიკურ პარტიებს გაცხადებული აქვთ უარი პარლამენტში შესვლაზე. შესაბამისად, მათი მხრიდან ნებისმიერ დროს შეიძლება, ეს გადაწყეტილება გადაიხედოს. მეორეს მხრივ, ეს დამოკიდებული იყოს სხვა ბევრ ფაქტორზე, თუნდაც როგორც არის მოლაპარაკების მომდევნო ეტაპი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე თქმით, პროტესტი გამოხატვა გარანტირებული უფლებაა, მაგრამ რევოლუციური სცენარები კატეგორიულად მიუღებელია.
„რაც შეეხება დაანონსებულ დესტაბილიზაციას, არეულობასა და მასობრივ პროტესტს, პროტესტი ზოგადად გარანტირებული, აღიარებული და დაცული უფლებაა ჩვენს ქვეყანაში და ამაზე ზრუნავს სახელმწიფო, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, რომ დაანონსებული რევოლუციური სცენარები, რა თქმა უნდა, არის კატეგორიულად დაუშვებელი. ეს არ არის ის ღირებულება, საითკენაც მიისწრაფის ეს ქვეყანა და არავითარი საფუძველი ოპოზიციის ვარაუდისთვის, რომ ამ გზით შეძლებენ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, არ არსებობს. დღეს სახელმწიფო საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედება აღიკვეთოს. დესტაბილიზაცია, არეულობა ქაოსი არის ის, რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. ვთხოვ და მოვუწოდებ ყველას, რომ ამას ანგარიში გაუწიონ და პასუხისმგებლობით მოეკიდონ.
არ მაქვს იმედი, რომ ყველა ამას გაიზიარებს და ყველა პასუხისმგებლობით შეხვდება, თუმცა იმედი მაქვს, რომ არსებობს ოპოზიციაში ძალები, რომლებიც ამას გაგებით და სწორი შეფასებით შეხვდებიან“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.