მიხეილ სარჯველაძე - პრეზიდენტი საუბრობდა, რომ ქვეყანა არ იმსახურებდა სტატუსს და რაზე დაყრდნობით უწყობს ხელს სტატუსის მიღებას? მხოლოდ ლოზუნგის ჩვენება, რომ სტატუსის მოპოვება სურს, საკმარისი არაა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილს სარჯველაძის განცხადებით, არ არსებობს იდეა და ახსნა, რაზე დაყრდნობითაც ვინმემ შეიძლება გაამართლოს კონსტიტუციის უპატივცემულობა.
სარჯველაძის თქმით, რეფორმები, რომლებიც სტატუსის მოპოვებას განაპირობებს, მთლიანად სახელმწიფოს წარმატებაა, პრეზიდენტს კი აქვს მცდელობა, საკუთარი წვლილი გამოკვეთოს.
„პრეზიდენტმა თქვა, რომ საზოგადოებას მიმართავდა, თუმცა მისი მხრიდან იყო ხელისუფლებისთვის პასუხის გაცემის მცდელობა. ეს პასუხი მაინც ვერ შედგა, რადგან ბევრი ისეთი რამ ითქვა, რაც მაინც და მაინც კარგად არ გამოიყურებოდა. არასწორია იმის ახსნა, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას კეთილი ზრახვების გამო არ იცავს და განსაზღვრულ თანმიმდევრობას არ მიყვება. ყველას კარგად ესმის, რომ ქვეყანა იმსახურებს სტატუსს და არა – განცალკევებულად ვინმე სხვა. უნდა გვახსოვდეს, რომ რეფორმები, რომლებიც სტატუსის მოპოვებას განაპირობებს, მთლიანად სახელმწიფოს წარმატებაა, ისევე, როგორც ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების. პრეზიდენტს აქვს მცდელობა, საკუთარი წვლილი გამოკვეთოს იმ წარმატებაში, რაც ალბათ მისთვისაც მოსალოდნელია. პრეზიდენტს ევროინტეგრაციის დამაზიანებელი განცხადებები ჰქონდა გაკეთებული და ეს იქნება ხელის შემშლელი ფაქტორი. ადამიანს სურვილი აქვს, რომ სახელმწიფოს წარმოადგენდეს, მაგრამ მთავრობასთან შეუთანხმებლად. ანუ, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ. ამიტომ არ არსებობს იდეა და ახსნა, რაზე დაყრდნობითაც ვინმემ შეიძლება გაამართლოს კონსტიტუციის უპატივცემულობა. კონსტიტუციას როგორ არ ეწინააღმდეგება, როცა მისი განცხადება იყო, თითქოს მას უფლება აქვს, სახელმწიფო მთავრობის გარეშე წარმოადგინოს. არ შეიძლება, კონსტიტუციაზე გადახტომის გზით შევეცადოთ კარგი საქმეების კეთებას. კონსტიტუციაა ის ფარგალი და საშულება, რითიც უნდა დავგეგმოთ ჩვენი საქმიანობა და არა – პირიქით. პრეზიდენტი საუბრობდა, რომ ქვეყანა არ იმსახურებდა სტატუსს და აბა, რაზე დაყრდნობით უწყობს ხელს სტატუსის მიღებას? მხოლოდ ლოზუნგის ჩვენება, რომ სტატუსის მოპოვება სურს, საკმარისი არ არის. საქართველო სტატუსს იმსახურებს და ვინც ამბობს, რომ არ იმსახურებს, ეს სასარგებლო არ არის“, – განუცხადა სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 30 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტზე უარი ეთქვა. პირველ სექტემბერს კი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. კობახიძემ განმარტა, რომ სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო საზღვარგარეთის ქვეყნებში ვიზიტების სერია. სალომე ზურაბიშვილი ბოლოს საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ის საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა. ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. მანამდე სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდა, ასევე ბრიუსელში შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგარეო ვიზიტების შემდეგ გუშინ გააკეთა პირველი განცხადება. ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხზე საზოგადოებისადმი მიმართვისას აღნიშნა, რომ მის გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს. „მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ ვივლი ყველგან, სადაც წასასვლელი ვარ, ეს არის ჩემი კონსტიტუციური ვალდებულება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.