მიხეილ სარჯველაძე - პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას ყველა პოზიტიურად შეხვდა, მმართველი გუნდის შიგნით მართლაც ერთსულოვნებაა
პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას ყველა პოზიტიურად შეხვდა, მმართველი გუნდის შიგნით მართლაც ერთსულოვნებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„გნებავთ, ვუწოდოთ სიხისტე, გნებავთ სხვა სახელი მოვუფიქროთ ირაკლი ღარიბაშვილის იმ მნიშვნელოვან თვისებებს, როგორიც არის ენერგიულობა, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში, ამ ღირსებებს გამოვარჩევდი. ეს გვაძლევს საფუძველს, რომ მისი კანდიდატურა სწორად შეფასდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ამასთან, სარჯველაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლის თაობაზე გიორგი გახარიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი პირადი გადაწყვეტილებაა და ამას გაგებით შეხვდებიან გუნდის ის წარმომადგენლები, ვისაც გიორგი გახარიასთან მეტი თანამშრომლობა აკავშირებდათ, შეიძლება, მეტი სიმპათია ჰქონდეთ მის მიმართ.
„ეს არ იქნება ხელის შემშლელი, რომ ერთად გავაგრძელოთ მუშაობა“, – განაცხადა სარჯველაძემ.