მიხეილ სარჯველაძე - პოლიტიკურად ფატალური შეცდომები, რომელსაც უშვებს ოპოზიცია, ნეგატიურად აისახება მათ რენომეზე
ოპოზიციის არათანმიმდევრული, ალოგიკური, უაზრო ნაბიჯები შეუმჩნეველი არ რჩება საზოგადოებისთვის, მათ შორის ცალკეული შემფასებლებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა პროფესორ ნოდარ ლადარიას განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ „არასოდეს ჰყოლია საქართველოს ასეთი უვარგისი პოლიტიკური ოპოზიცია“.
„ლადარიამდე მაგას მე არ ვამბობდი კაცო? პოლიტიკურად ფატალური შეცდომები, რომელსაც უშვებს ოპოზიცია, ნეგატიურად აისახება მათ რენომეზე. როდესაც მოდის მორიგი არჩევნები და ისინი ვერ იღებენ მოქალაქეთა მხარდაჭერას, მერე ამას სხვას აბრალებენ, საკუთარ თავში უნდა აღმოაჩინონ ეს შეცდომები. ევროკავშირის 12 პუნქტიდან პირველივე არის დეპოლარიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთად რაღაცაზე შეძელით, იმუშავეთ, ეს ხალხი კი გაიქცა და ზურგი გვაქცია. ამის მერე როგორ შეიძლება მოსახლეობა ფიქრობდეს, რომ ის ხალხი, რომელიც დეპოლარიზაციის მიზნით პროცესს ეთიშება, ანუ სრულიად საპირისპიროდ მოძრაობს, ევროპული რეკომენდაციისა კეთილსინდისიერია, როდესაც ამბობს და ქადაგებს, რომ მთავარი ახლა ჩვენი ქვეყნისთვის 12 რეკომენდაციის შესრულებააო, ხედავენ, რომ რეალურად ამ საქმეს აკეთებს ხელისუფლება. აი, ეს არის მთელი ამბავი და ასეთ დროს რასაკვირველია, ოპოზიციის ასეთი არათანმიმდევრული, ალოგიკური, უაზრო ნაბიჯები შეუმჩნეველი არ რჩება საზოგადოებისთვის, მათ შორის ცალკეული შემფასებლებისთვის“, – განაცხადა სარჯველაძემ.