მიხეილ სარჯველაძე - პირის ღირსება, რომელიც შესაძლოა, ცილისწამებისას ხელყოფილი აღმოჩნდეს, არანაკლებ ღირებულია და შესაძლებელია ფიქრი, როგორ დავხვეწოთ ამ კუთხით კანონმდებლობა
პირის პატივი, ღირსება და თუნდაც საქმიანი რეპუტაცია, ყველა ის ღირებულება, რომელიც შეიძლება ცილისწამების დროს ხელყოფილი აღმოჩნდეს, არანაკლებ ღირებულია ფასეულობათა სისტემაში, რომელსაც ეფუძნება საზოგადოდ სახელმწიფოც და საკუთრივ საზოგადოებაც, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შესაძლებელია მსჯელობა, თუ როგორ დაიხვეწოს ამ მიმართულებით არსებული კანონმდებლობა.
ამასთან, სარჯველაძის განმარტებით, უფლებების რეალიზებისთვის დადგენილია უნივერსალური მოდელი, რომ უფლების განხორციელებამ არ შეიძლება, შელახოს სხვა პირის უფლება-თავისუფლება და ნებისმიერი ქმედება დაბალანსებული უნდა იყოს.
აღნიშნული განცხადებით მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა პლენარულ სხდომაზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიშის განხილვის დროს დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის კითხვას: „არა ცილი სწამო ადამიანს, არ არის ზოგადად ადამიანის უფლება? შეიძლება, რომ ადამიანი ცილისწამებისგან რამენაირად დაცული იყოს? გარდა იმისა, რომ მე შენ დაგაბრალებ და შემდეგ თავი იმართლე. ამ კუთხით თუ შეიძლება ჩვენ რაღაცა კარგი, ევროპული, თუ მსოფლიო გამოცდილება და სტანდარტი გავითვალისწინოთ?“.
„ცილისწამებისგან დაცვა, რასაკვირველია, ეს არის უფლება და საუბარიც არ შეიძლება იმაზე, რომ არ იყოს უფლება. არ შეიძლება ადამიანის ღირსების, პატივის უფლების შედარება არც ერთ სხვა უფლებასთან და თავისუფლებასთან, ამ უფლების დაკნინება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ გამოსავალი უნდა იყოს ის, რაც საუკეთესოა მთელი მსოფლიოსთვის. რასაკვირველია, ამას სამართლის დოქტრინა მარტივ გადაწყვეტას უნახავს.
უფლებების რეალიზებისთვის დადგენილია უნივერსალური მოდელი, რომ უფლების განხორციელებამ არ შეიძლება შელახოს სხვა პირის უფლება და თავისუფლება. ამ შემთხვევაში ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს დაბალანსებული. რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით აქაც მოქმედებს.
მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ კანონმდებლობა დაიხვეწოს ამ მიმართულებით და მუდმივად ვზრუნავდეთ, რომ რაც შეიძლება უკეთესი იყოს, არამედ სასამართლო პრაქტიკა, ცალკეული გადაწყვეტილებები, ცალკეული უფლებამოსილი პირების კონკრეტული ქმედებები ამ გონივრულ სტანდარტთან შესაბამისობაში იყოს.
პირის პატივი, ღირსება და თუნდაც საქმიანი რეპუტაცია, ყველა ის ღირებულება, რომელიც შეიძლება, ცილისწამების დროს რისკის ქვეშ და ხელყოფილი აღმოჩნდეს, რა თქმა უნდა, არანაკლებად ღირებულია ფასეულობათა სისტემაში, რომელსაც ეფუძნება საზოგადოდ სახელმწიფოც და საკუთრივ საზოგადოებაც. შესაბამისად, შეიძლება ამ მიმართულებით ფიქრი იმაზე, თუ როგორ გავხადოთ უკეთესი ჩვენი კანონმდებლობა. ამ მიმართულებით ნამდვილად არსებობს შესაძლებლობები, რომ ჩვენს კანონმდებლობაშიც იყოს გარკვეული გაუმჯობესება“, – განაცხადა სარჯველაძემ.