მიხეილ სარჯველაძე - სამართლიანი დამოკიდებულება არ არის, როცა სხვადასხვა საგარეო ორიენტაციის პარტიები თანამშრომლობას იწყებენ, რათა ერთ საარჩევნო ოლქში წარმატების შესაძლებლობა გაზარდონ
საზოგადოებისთვის როდესაც დიამეტრულად განსხვავებული მსოფლმხედველობის მქონე პარტიების შეხვედრები და თანამშრომლობის მცდელობა ხდება, ეს გასაგებს ხდის ამომრჩევლისთვის, რომ წინა პლანზეა წამოსული პარტიების მერკანტილური ინტერესი, ვიდრე მსოფლმხედველობა და პრინციპული მიდგომები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „ლელოს“ ლიდერ ბადრი ჯაფარიძესა და „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერ ირმა ინაშვილს შორის შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, პატიოსანი და სამართლიანი დამოკიდებულება არ არის, როცა სხვადასხვა საგარეო ორიენტირების პოლიტიკური პარტიები თანამშრომლობას იწყებენ საიმისოდ, რომ ერთ საარჩევნო ოლქში წარმატების შესაძლებლობა გაზარდონ.
„რა შეთანხმება და გადაწყვეტილება იყო მიღებული, ჩემთვის ცნობილი არ არის, მაგრამ როცა საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება დიამეტრულად განსხვავებული მსოფლმხედველობის მქონე პარტიების შეხვედრები და თანამშრომლობის მცდელობა, ეს გასაგებს ხდის ამომრჩევლისთვის, რომ მათთვის წინა პლანზეა წამოსული პარტიების მერკანტილური ინტერესი, ვიდრე მსოფლმხედველობა და პრინციპული მიდგომები. ეს არის ერთგვარი უპრინციპობა და ულამაზო საქციელი. ასეთი შეხვედრები და თანამშრომლობის მცდელობები გაცხადებულ კურსსა და პრინციპებს თავდაყირა აყენებს. როცა ზღვარი იშლება სიმართლესა და სიცრუეს შორის, ეს უარყოფით გავლენას იქონიებს ამომრჩევლის განწყობებზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„ლელოს“ ლიდერ ბადრი ჯაფარიძესა და „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერ ირმა ინაშვილს შორის შეხვედრა გუშინ გაიმართა.