მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციური პარტიების წერილი მიზნად ისახავს საერთაშორისო ორგანიზაციების შეცდომაში შეყვანას და არასწორი შთაბეჭდილებების შექმნისთვის ნიადაგის მომზადებას
ოპოზიციური პარტიების წერილი მიზნად ისახავს საერთაშორისო ორგანიზაციების შეცდომაში შეყვანას და არასწორი შთაბეჭდილებების შექმნისთვის ნიადაგის მომზადებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ოპოზიციისთვის იმ საჭიროებიდან გამომდინარეობს, რომ მათი გარდაუვალი მარცხის პირობებში გარკვეული ალტერნატივები და პრობლემები შეუქმნან ქვეყანას.
„ოპოზიციური პარტიების წერილი მიზნად ისახავს საერთაშორისო ორგანიზაციების შეცდომაში შეყვანას და არასწორი შთაბეჭდილებების შექმნისთვის ნიადაგის მომზადებას. ალბათ, ეს ოპოზიციისთვის იმ საჭიროებიდან გამომდინარეობს, რომ მათი გარდაუვალი მარცხის პირობებში გარკვეული ალტერნატივები და პრობლემები შექმნან და შეუქმნან არა იმ ძალას, რომლის გამარჯვებაც გარდაუვალია, არამედ ქვეყანას. შეგიძლიათ, განცხადებაში მოყვანილი არგუმენტები ნახოთ. მცირე იოტისოდენა კრიტიკულობაც კი საკმარისია იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, არავითარი საფუძველი იმ კრიტიკულ შეფასებებს არ გააჩნია, რაც გამოითქმის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ ერთობლივ მიმართვას, რომლის ადრესატებიც არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეინი, ევროპული პარლამენტის პრეზიდენტი დავიდ მარია სასოლი და ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.