მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის მთავარ საზრუნავად კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის ხელის შეშლა რჩება
დღევანდელი ხელისუფლების მონდომებით, საქართველოს კონსტიტუციაში ხაზგასმულია საქართველოს ევროპული მომავალი, როგორც ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი. ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რათა, სხვა მიმართულებებთან ერთად, იმ 12 რეკომენდაციის მიმართულებითაც გვქონოდა ხელშესახები პროგრესი, რომლებიც დასახელდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭების წინაპირობად, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო არავის დაუდებს ტოლს და არცერთი კრიტერიუმით არ არის და არ იქნება ხელწამოსაკრავი, დასაწუნებელი სახელმწიფო.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, საქართველოს, თავისი მაჩვენებლებით, ჯერ კიდევ შარშან ჰქონდა დამსახურებული კანდიდატის სტატუსი, თუმცა, სამწუხაროდ, ოპოზიციის მცდელობა, რომ ქვეყნის დამსახურება არ ყოფილიყო აღიარებული, „შედეგიანი“ აღმოჩნდა.
„ჩვენი ქვეყნის ოპოზიციას ამ რეფორმებში აქვს პრაქტიკულად ნულის ტოლფასი კონტრიბუცია. მეტიც, სამწუხაროდ, შეიძლება, ოპოზიციის როლის მინუს ნიშნითაც შეფასება, რადგან ამ დღემდეც და ახლაც მათ მთავარ საზრუნავად რჩება კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის ხელის შეშლა. მიზეზი და ამის ახსნაა კანდიდატის სტატუსის არმიცემის მეშვეობით ხელისუფლებისა და მთლიანად ქვეყნის წარუმატებლობის მითის შექმნა, ამის გამოყენება პოლიტიკური კინკლაობისთვის. საბედნიეროდ, ახლა ნამდვილად მაქვს საფუძველი, მჯეროდეს, რომ ოპოზიციის ეს მცდელობები იქნება უნაყოფო და უახლოეს მომავალში საქართველოსთან მიმართებაში მიღებული იქნება ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ყველაზე მეტად ეხმიანება საქართველოს და ევროპის საუკეთესო ინტერესებს, რაც გულისხმობს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.