მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციას არავითარი საფუძველი არ აქვს საყიჟინოდ, თითქოსდა ოლიგარქია უკრაინაში და საქართველოში სხვადასხვა რამეს ნიშნავს
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციას არავითარი საფუძველი არ აქვს საყიჟინოდ, თითქოსდა ოლიგარქია უკრაინაში და საქართველოში სხვადასხვა რამეს ნიშნავს

ოპოზიციას არავითარი საფუძველი არ აქვს იმის საყიჟინოდ, თითქოსდა ოლიგარქია უკრაინაში ან უკრაინულად სხვა რამეს ნიშნავს და საქართველოში და ქართულად, სხვა რამეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მიმდინარე სასესიო კვირაში საქართველოს პარლამენტი გააგრძელებს ე.წ. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვას.

„განხილვების პროცესში, მინდა, საზოგადოების საყურადღებოდ, რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება გავიხსენო ამ თემის ირგვლივ, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ჭეშმარიტების დანახვის შესაძლებლობა. ყველას გვახსოვს, თუ რა მთავარ პრობლემაზე ესაუბრებოდა ოპოზიცია ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს უკანასკნელი წლების განმავლობაში. წლების მანძილზე ოპოზიციის დიდი ნაწილი დაკავებული იყო იმაზე აპელირებით, თუ როგორ დაწინაურდა საქართველოსთან შედარებით უკრაინა და მოლდოვა და, რომ ამის მიზეზი იყო მათ შორის ოლიგარქიასთან გამკლავება. ანუ, ოპოზიცია აქტიურად არწმუნებდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საქართველოს გაასწრო უკრაინამ და გაასწრო მოლდოვამ დეოლიგარქიზაციის მიმართულებით და, რომ საქართველოს მთავარი პრობლემა თითქოსდა არის ოლიგარქია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, სინამდვილეში ოპოზიციამ უბრალოდ ვერაფერი მოიფიქრა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელსაც სრულიად კეთილსინდისიერად, მათ შორის ვეებერთელა ქველმოქმედებით აქვს მოპოვებული უზარმაზარი რეპუტაცია და არა ოლიგარქობით.

„სწორედ ოპოზიციის ამ „მეცადინეობით“ მოხვდა ე.წ. 12 წინაპირობის ფარგლებში დეოლიგარქიზაციის შესახებ პუნქტიც და საქართველომ ახლა უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა დაარწმუნოს ევროკომისია ამავე მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების სერიოზულობაში. მივაქციოთ უნდა ყურადღება იმ ასპექტს, რომ დეოლიგარქიზაციის თაობაზე უკრაინასაც აქვს რეკომენდაცია და მოლდოვასაც. ერთი სხვაობით. იმ სახელმწიფოს, რომელსაც მიღებული ჰქონდა ე.წ. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, მათთან მიმართებაში ევროკომისიამ გასცა რჩევა, რომ ემუშავათ ამ კანონის იმპლემენტაციაზე. აქვე ვიტყვი, რომ არავითარი საფუძველი არ აქვს ოპოზიციას იმის საყიჟინოდ, თითქოსდა ოლიგარქია უკრაინაში ან უკრაინულად სხვა რამეს ნიშნავს და საქართველოში და ქართულად – სხვა რამეს. აქვე შევახსენებ მათ, ვისაც შეიძლება ეს არ ახსოვდეს მაგალითად ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის შეფასებას უკრაინის კანონთან დაკავშირებით, რომელიც მან გამოთქვა მიმდინარე წლის 17 ივნისს, „ასოცირებული ტრიოს“ სამივე სახელმწიფოსთან მიმართებაში ევროპულ პერსპექტივებზე საუბრისას. აი, რას ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი: „რაც შეეხება ოლიგარქებს, უკრაინამ ძალიან გაბედული კანონი მიიღო ამ მიმართულებით. ეს არის ერთადერთი ქვეყანა აღმოსავლეთ სამეზობლოში, რომელმაც ეს გააკეთა“,- განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლების გაკრიტიკებას იმის გამო, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი ე.წ. დეოლიგარქიზაციის წინაპირობის შესასრულებლად, ევროკომისიის პრეზიდენტისგან და ზოგადად ევროკომისიისგან ცალსახად დადებითად შეფასებული დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონი აიღო სამუშაო ვერსიად,  და ის მიუსადაგა ქართულ სამართლებრივ სისტემას.

„საზოგადოებას მინდა, ვთხოვო უბრალოდ დაუშვათ და წარმოიდგინოთ, უკრაინული პროექტის ბაზაზე რომ არ დაეწყო მუშაობა საქართველოს, რამდენჯერ იტყოდა ოპოზიცია მაგალითად ასეთ ფრაზებს: რა საჭიროა ველოსიპედის გამოგონება, ხელისუფლებას არ უნდა რეალური ნაბიჯების გადადგმა და ა.შ. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია დავსვათ კითხვა – განა თავად ევროკომისია არ იქნება გაკვირვებული და უკმაყოფილო იმ შემთხვევაში, თუკი დეოლიგარქიზაციის მიმართულებით ევროკომისიის დასარწმუნებლად გადადგამს არა იმ ნაბიჯებს, რასაც ევროკომისია იწონებს? ეს ოღონდ არ ეგონოს ვინმეს ოპოზიციის უბრალო უპრინციპობა. ეს არის მხოლოდ იმ შიშით გამოწვეული, რომ რეალურად ეს კანონი დისკომფორტს შეუქმნის ყველას, ვისაც ექნება ოლიგარქობის განზრახვა და ოპოზიცია ძალიან კარგად, ცხადად ხვდება, რომ ოლიგარქობის მსურველთა რიგი, ნამდვილი ოლიგარქების სილუეტები მხოლოდ მათ მხარეს, მათ ზურგს უკან ფიქსირდება და არა ხელისუფლებისა“, – განაცხადა სარჯველაძემ.