მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციამ არცერთ ოლქში არ დააყენა კანდიდატები, რათა არ ეჩვენებინათ მარცხი, მხარდაჭერის არქონა იმ ფონზე, როცა საზოგადოებას საპირისპიროში არწმუნებენ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციამ არცერთ ოლქში არ დააყენა კანდიდატები, რათა არ ეჩვენებინათ მარცხი და დაბალი რეიტინგი იმ ფონზე, როცა საზოგადოებას საპირისპიროში არწმუნებენ.
სარჯველაძის თქმით, ოპოზიციამ კანდიდატები არ დააყენა, რადგან, რეალურად, საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა არ აქვთ და IRI-ის კვლევაში ასახული მონაცემები სინამდვილეს არ ასახავს.
„აბსურდში ვინც იმყოფება, ეს არის ოპოზიცია. ოპოზიციამ არცერთ ოლქში არ დააყენა კანდიდატები, რათა არ ეჩვენებინათ მარცხი და საზოგადოების მხარდაჭერის არქონა იმ ფონზე, როცა საზოგადოებას საპირისპიროში არწმუნებენ. მათი არასწორი პოზიციები როცა გამოაშკარავდა, სახის შესანარჩუნებლად რაღაც გარემოებებს ასახელებენ და ამ ყველაფრის ერთპარტიულ არჩევნებად წარმოჩენას ცდილობენ. ოპოზიციას ვკითხოთ, რატომ იყო ერთპარტიული არჩევნები? მათ კანდიდატების წარდგენისგან თავი თავად შეიკავეს. ხელისუფლებას რა უნდა გაეკეთებინა? ოპოზიციის მხრიდან კანდიდატები დაესახელებინა? აბსურდია. რაც შეეხება არჩევნებსა და კვლევებს, ჩემი აზრით, ერთიმეორესთან კავშირშია ოპოზიციის მხრიდან თავშეკავება, რომ კანდიდატურა არ დაეყენებინათ და კვლევები. დასაფიქრებელია, რომელი რომლის მხარდამჭერი იყო – კვლევა თუ კანდიდატურების არდაყენება მოსალოდნელი კვლევისთვის? წესით, ლოგიკური იქნებოდა, თუ ოპოზიცია კანდიდატებს დააყენებდა, თუნდაც საპარლამენტო არჩევნებამდე ტესტისთვის. მით უმეტეს, როცა ამბობენ, რომ საზოგადოების მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვთ. მათ ეს არ გააკეთეს, რაც ლოგიკურად იმით აიხსნება, რომ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა არ აქვთ. რაც კვლევაშია ნათქვამი, სინამდვილეს არ შეეფერება. არ დასტურდება, რომ „ქართულ ოცნებას“ 19 პროცენტი აქვს და „ნაცმოძრაობას“ – 14. ოპოზიცია მცდარი შეხედულებების ტირაჟირებას ცდილობს და ეს გამოაშკარავდა, როგორც კანდიდატების არდაყენებით, ასევე რეიტინგით. ოპოზიცია კარგად ხვდება, რომ ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა სისხლიანი რევოლუციაა, რაც უკვე დაიბრენდა. მათ ხელისუფლებაში მოსვლის სხვა არანაირი პოტენციალი და რესურსი არ აქვთ. ამიტომ გეგმავენ პროცესების ასე განვითარებას, რასაკვირველია, არ უნდათ, არჩევნებში რომ დამარცხდნენ. ემარტივებათ, პიარით დაარწმუნონ ვინმე, რომ უფრო მეტი რეიტინგი აქვთ საზოგადოებაში. მათი მიზანია, საქართველოში იყოს ქაოსი და არეულობა. როგორც ჩანს, უფრო შორს მიმავალი გეგმაა, რაც ცოტა ხნის წინ მერაბიშვილმა პირდაპირ თქვა, უკრაინასთან ერთად საომარ მოქმედებებში ჩართვა“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.