მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია ცდილობს, ჩინეთთან ურთიერთობის კუთხით კარგ პროცესებს ჩირქი მოსცხოს, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აქვს ევროკავშირის არაერთ სახელმწიფოს
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია ცდილობს, ჩინეთთან ურთიერთობის კუთხით კარგ პროცესებს ჩირქი მოსცხოს, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აქვს ევროკავშირის არაერთ სახელმწიფოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, ჩირქი მოსცხოს კარგ პროცესებს, რომლებიც ჩინეთთან ურთიერთობების დაახლოების თვალსაზრისით მიმდინარეობს.

სარჯველაძის თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აქვს ევროკავშირის წევრ არაერთ სახელმწიფოს, მათ შორის სავაჭრო ურთიერთობები აქვს აშშ-ს.

„ჩინეთთან ურთიერთობების მაღალ ნიშნულზე აყვანის მცდელობა ყოველთვის იყო, რადგან ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკისთვის. თუ ვამბობთ, რომ საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შუა დერეფნის ფუნქციის შესრულება, ასეთ შემთხვევაში ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩინეთის მონაწილეობის გარეშე შუა დერეფნის ფუნქციის განხორციელება ნონსენსი იქნება. ჩინეთის აქტიური მონაწილეობით კი რეალობა ხდება, რომ საქართველო თავისი სტრატეგიული მიზნის განხორციელებას შეძლებს, შეიძენს საკუთარ უნიკალურ ფუნქციას შუა დერეფნის სახით. ოპოზიციის მცდელობა, რომ ჩირქი მოსცხონ ძალიან კარგ პროცესებს, რომლებიც ჩინეთთან ურთიერთობების დაახლოების თვალსაზრისით მიმდინარეობს, საზოგადოებას კარგად უნდა ესმოდეს. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აქვს ევროკავშირის წევრ არაერთ სახელმწიფოს, მათ შორის სავაჭრო ურთიერთობები აქვს ამერიკას“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.