მიხეილ სარჯველაძე - ოპონენტების ბრალდებები ლოგიკურ თანმიმდევრულობას არის აცდენილი, ერთადერთი პირი, ვისაც შეეძლო, პატიმრობის საკითხი გადაეწყვიტა, თავად ნიკა მელია იყო
ვფიქრობ, ოპონენტების ბრალდებები ლოგიკურ თანმიმდევრულობას არის აცდენილი, ერთადერთი პირი, ვისაც შეეძლო, რეალურად გადაეწყვიტა პატიმრობის საკითხი, თავად ნიკანორ მელია იყო, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება არ არის მხარე, რომელსაც სურვილი აქვს, ნიკა მელიას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული იქნას პატიმრობა.
„ამ შემთხვევაში, ამის ინიციატორებიც და მსურველებიც გახლავთ თავად ნიკანორ მელია და მისი პოლიტიკური პარტნიორები. მარტივია ყველაფერი. ნიკანორ მელიას თავად შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება და შესაბამისად, მის მიმართ გამოყენებული იქნებოდა არასაპატიმრო აღმკვეთის ღონისძიება, მისი სურვილი აღმოჩნდა ამისგან განსხვავებული. მისი სურვილია, გამოყენებული იქნას საპატიმრო აღმკვეთი ღონისძიება. ასეთ დროს განცხადების გაკეთება, თითქოსდა ხელისუფლებას სურს, აღკვეთის თონისძიება იქნეს გამოყენებული ნიკანორ მელიას მიმართ, რასაკვირველია, არასწორი მოსაზრებაა, რასაც საზოგადოებაც ძალიან კარგად ხედავს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
სარჯველაძის განმარტებით, ეს ყველაფერი დესტრუქციულ მიზნებს ემსახურება.
„ასეთი დამოკიდებულება და არაბუნებრივი მოტივაცია გასაგებია, რითაც აიხსნება. ამ შემთხვევაში იმ ოპოზიციურ ძალებში, რომელთაც არც ერთი მეთოდით არაფერი არ გამოსდით, რეალურად ხელმოცარულები არიან, დიდია სურვილი და მონდომება, რომ გამწვავების ფორმად აირჩიონ მსგავსი მეთოდებით მანიპულირება, რასაც სინამდვილეში სპეკულაცია ჰქვია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. მმართველ გუნდში აცხადებენ რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კი აღნიშნავს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.
შეგახსენებთ, „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.
თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.
ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.
გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 2021 წლის 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.
ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს. მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა 12 თებერვალს ამოეწურა.