მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მოთხოვნა აბსურდულია, იმასაც ვერ ახერხებენ, ადამიანების რაღაც რაოდენობას მოუყარონ თავი, რომ ამით დამაჯერებლობა შეიძინონ
„ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მთავარი მოტივი იყო, არა ჰუმანიტარული მიზნებისთვის ბრძოლა, არამედ მათი პარტიის შიგნით არჩევნებისთვის ამრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვება, ვინ უფრო მეტად წარმოიჩენს თავს, სააკაშვილის თავისუფლების მოსაპოვებლად ბრძოლაში, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი შეფასებით, კიდევ უფრო მეტ შეცდომას უშვებენ, როდესაც ასეთი ტიპის აქციებს მართავენ.
„აქციის მოთხოვნა, მიზეზი და საერთოდ, პრეტენზია, რომ აბსურდულია, ახალი ამბავი არ არის. ნაკლოვანებები, რაც მათ ლოგიკას და მოთხოვნებს აქვს, ამ არგუმენტების დეფიციტი აქციის და ადამიანების რაოდენობით ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეივსება. აქციის მასშტაბიდან გამომდინარე, მე მგონი კიდევ უფრო მეტ შეცდომას უშვებენ, როდესაც ასეთი ტიპის აქციებს აკეთებენ, მით უმეტეს, რომ ვერ ახერხებენ ადამიანების რაღაც რაოდენობას მაინც მოუყარონ თავი, რომ ამით მაინც შეიძინონ მეტი დამაჯერებლობა. იმის გათვალისწინებით, რამდენი პოლიციელი და მედიის წარმომადგენლები იყვნენ, ალბათ, აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობა ზუსტად იმდენი იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენი წარმომადგენელიც შეიძლება, პარლამენტის დარბაზში ვიხილოთ. რასაკვირველია, აბსოლუტურად არაფრით გამართლებული არ იყო ამ აქციის ჩატარება. მისი მთავარი მოტივი, არა რაღაც ჰუმანიტარული მიზნებისთვის ბრძოლა, არამედ მათი პარტიის შიგნით არჩევნებისთვის ამრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვება იყო, ვინ უფრო მეტად წარმოიჩენს თავს, სააკაშვილის თავისუფლების მოსაპოვებლად ბრძოლაში“, – განაცხადა სარჯველაძემ.
„ქართული ოცნების“ ოფისთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ადგილზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.