მიხეილ სარჯველაძე - მთელ ოპოზიციას, რომც გაერთიანდეს ყველა ხმა, არითმეტიკულად მაინც გაუჭირდება კონკურენციის გაწევა ხელისუფლებისთვის
ხშირად ხდება, რომ ოპოზიციისგან მოვისმენთ მჭექარე განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რაოდენ დიდია საზოგადოების მხარდაჭერა, შემდეგ, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება და ერთ ან ორ მუნიციპალიტეტში იმის გატესტვაზეა ლაპარაკი, რა მოცულობის მხარდაჭერა აქვს საზოგადოების მხრიდან ხელისუფლებას ან ოპოზიციას, ასეთ შერკინებებს ოპოზიცია გაურბის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, ოპოზიციას მხარდაჭერის პრობლემა აქვს.
„არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში მთელ ოპოზიციას დიდი რესურსის პრობლემა ჰქონდეს, როდესაც ორ მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობაზეა საუბარი. მგონია, რომ მთავარი დეფიციტი მისი დაზოგვის კი არა და, არქონის პრობლემა აქვთ. ამ არქონის შენიღბვის პრობლემა აქვთ, ეს გახლავთ საზოგადოების მხრიდან ნდობის არარსებობა ოპოზიციის მიმართ. ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც ოპოზიციას აქვს, თუმცა ამის აღიარება არ უნდათ. ამიტომ არც მონაწილეობა უნდათ, არც ამას აღიარებენ, ამიტომ უწევთ არადამაჯერებელი ვერსიების მოფიქრება. მგონია, რომ ასეთი ხმამაღალი განცხადებების გაკეთების საფუძველი ნამდვილად არ აქვს არც „გირჩს“ და ოპოზიციიდან არავის. რეალურად, მთელი საქართველოს მასშტაბით ხელისუფლებას დღეს ნამდვილად აქვს ის უპირატესობა, რომელსაც, ვფიქრობ, მთელ ოპოზიციას, რომც გაერთიანდეს ყველა ხმა, არითმეტიკულად მაინც გაუჭირდება კონკურენციის გაწევა ხელისუფლებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარი მიზეზი, რის გამოც გაცლა ამჯობინეს, რეალურად არის ის, რომ არ უნდათ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე დაკარგონ ასეთი მჭექარე განცხადებების კეთების შესაძლებლობა და კიდევ მეტად დაუკარგონ დამაჯერებლობა საკუთარ ოპტიმისტურ ნიღაბს“, – განაცხადა სარჯველაძემ.