მიხეილ სარჯველაძე - მთავრობის წინააღმდეგ ბრალდებების მოტივაცია, შესაძლოა, პრეზიდენტის ინსტიტუტის დევნილ, ჩაგრულ და მსხვერპლის როლში წარმოჩენა იყოს
მთავრობის წინააღმდეგ ბრალდებების მოტივაცია, შესაძლოა, პრეზიდენტის ინსტიტუტის დევნილ, ჩაგრულ და მსხვერპლის როლში წარმოჩენა იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო სალომე ზურაბიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, გადაედო ვიზიტი სტრასბურგში.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, საქართველოში საქმიანობისა და აზრის გამოხატვის შესაძლებლობა არავის აქვს შეზღუდული.
„თვალს ვადევნებთ მცდელობას, ვინმე მსხვერპლისა და ჩაგრულის მანტიით შეიმოსოს. ცალმხრივად გავრცელებული ფაქტები სენსაციური აღმოჩნდება ხოლმე და შემდეგ ირკვევა, რომ „ფეიკია“. ითქვა, თითქოს ნებართვა არ იყო გაცემული, შემდეგ მთავრობამ განაცხადა, რომ ნებართვა გაცემული იყო. ფაქტია, ცვლილებების მიზეზი ნებართვის გაუცემლობა არ იყო. მთავრობის წინააღმდეგ ბრალდებების წაყენების მოტივაცია, შესაძლოა, იმაში მდგომარეობდეს, რომ ვიღაცას პრეზიდენტის ინსტიტუტის დევნილ, ჩაგრულ და მსხვერპლის როლში წარმოჩენა სურს“, – განაცხადა სარჯველაძემ.