მიხეილ სარჯველაძე - მსჯელობა დაგვჭირდება, როგორ გახდეს სრულყოფილი არსებული „დიარჯი“ სისტემა, ვიმუშავებთ ამ საკითხის ირგვლივ
„დიარჯი“ მეთოდთან დაკავშირებით დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრები გაიმართება, ვიმუშავებთ ამ საკითხების ირგვლივ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, „დიარჯი“ მეთოდი უნდა იყოს სამართლიანი.
„„დიარჯი“ არის მეთოდი და ინსტრუმენტი, როგორ მოხდება სამედიცინო სერვისის სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურება, ნებისმიერი მეთოდის ავკარგიანობა უნდა შევაფასოთ იმის მიხედვით, რამდენად სრულყოფილად მუშაობს, რამდენად სამართლიანად უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესის დაკმაყოფილებას. აქედან გამომდინარე, ალბათ მსჯელობა დაგვჭირდება, როგორ შეიძლება, სრულყოფილი გახდეს არსებული სისტემა, მისი ნაკლოვანებები აღმოვფხვრათ, ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებებს. არ არსებობს სტანდარტული რეცეპტი, რომლითაც ჩვენ ვიმოქმედებთ. მნიშვნელოვანია, სისტემა, რომელიც იქნება არჩეული, იყოს იმგვარად მხარდაჭერილი, ფუნქციონირებადი, რომ ნაკლოვანებებს არ ტოვებდეს. ჩვენ ვიმუშავებთ ამ საკითხების ირგვლივ. როგორი იქნება შეხვედრის, მსჯელობის და დისკუსიის ფორმატი, ამაზე მოვრიგდებით თვითონ იმ ხალხთან, ვისაც ამის ინტერესი აქვს“, – განაცხადა სარჯველაძემ.